მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ტიკარაძე: ციხის საავადმყოფოს აქვს ყველა ის შესაძლებლობა, რაც მოშიმშილე პაციენტს ესაჭიროება

საქართველოს მთავრობა / Facebook

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ციხის საავადმყოფოს ყველა ის შესაძლებლობა აქვს, რაც მოშიმშილე პაციენტს სჭირდება. 

"სააკაშვილის პირადმა ექიმმა გააკეთა კომენტარი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. რაც შეეხება ციხის საავადმყოფოს, ამ ეტაპისთვის არის ყველა ის საჭირო ინსტრუმენტული, ლაბორატორიული კვლევის შესაძლებლობა, რომელიც მოშიმშილე პაციენტს ესაჭიროება. საბჭო, რომელიც მუშაობს პატიმრის და პაციენტის ინტერესების სასარგებლოდ, მიიღებს საჭირო გადაწყვეტილებას, რომელიც მისი სიცოცხლის უსაფრთხოებისთვის არის საჭირო". -  ამბობს ტიკარაძე. 

ტიკარაძე  ომბუდსმენის განცხადებასაც პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და არსებობს გარკვეული რისკები უსაფროებასთან დკაავშირებით. 

მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს, ყველა საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში დარჩეს. 

"ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ ყველანი დავრჩეთ კომპეტენციების ფარგლებში. უსაფრთხოებაზე მე ვერ ვისაუბრებ, აქ სხვამ უნდა გააკეთოს კომენტარი. რაც შეეხება იმ რეკომენდაციებს, რომელიც ექიმების მიერ არის გაწერილი, კლინიკას აქვს მზაობა". - ამბობს ტიკარაძე. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 25-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

 

კომენტარები