თურქეთის ეკონომიკა

დასავლელი ელჩების პერსონა ნონ გრატად გამოცხადების გამო, თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი
ფოტო: ft.com

პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გადაწყვეტილებამ, 10 დასავლური ქვეყნის ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ, საერთაშორისო სავალუტო ბირჟებზე თურქეთის ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება გამოიწვია და ლირის ღირებულებამ რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია.

ამჟამინდელი მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 9.76 ლირაა, ევროსი – 11.38 ლირა. 

ერდოღანის თქმით, აშშ-ს, გერმანიის, საფრანგეთის, კანადის, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ნიდერლანდების და ახალი ზელანდიის ელჩები პერსონა ნონ გრატად გამოცხადდებიან. 

"მე მივეცი საჭირო ბრძანება საგარეო საქმეთა მინისტრს და ვუთხარი, 10 ელჩი ერთდროულად უნდა გამოცხადდეს პერსონა ნონ გრატად". – თქვა ერდოღანმა.

პერსონა ნონ გრატად, ანუ არასასურველ პირად გამოცხადება დიპლომატიური ჟესტია, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ პნგ-დ გამოცხადებული დიპლომატის ყოფნა მასპინძელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არ არის სასურველი და მისმა წარმგზავნმა სახელმწიფომ ასეთი პირი დაუყოვნებლივ უნდა გაიწვიოს უკან.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის ეროვნული ვალუტა წლებია განაგრძობს გაუფასურებას, რაც გაცილებით კომპლექსურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული, ვიდრე ეს ცალკეული შემთხვევებია. 

2021 წლის მარტში ედოღანის გადაწყვეტილებით, თანამდებობის დატოვება მოუწია ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, ნაჯი აგბალს, რისი მიზეზიც ერდოღანსა და აგბალს შორის არსებული უთანხმოება იყო. 

ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს მაღალი, თითქმის 15%-იანი ინფლაციის დასაძლევად რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა სურდა, რასაც ერდოღანი ეწინააღმდეგებოდა. 

აგბალის შემდეგ, თანამდებობა საჰაპ კავჩიოღლუმ დაიკავა, რომელიც იზიარებდა ერდოღანის ეკონომიკურ შეხედულებებს. მიუხედავად ამისა, ინფლაციის დონემ ზრდა განაგრძო და სექტემბერში 19.58%-იან ნიშნულს მიაღწია. 

ასევე, გაგრძელდა ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესიც, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და შესაბამის მაჩვენებლებთან. 

გერმანული Commerzbank-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, თურქული ლირის გაუფასურების პროცესი, შესაძლოა, დიდ ხანს გაგრძელდეს და 2021 წლის ბოლოს ქვეყანაში ინფლაციის დონემ 22%-ს გადააჭარბოს.
 

კომენტარები