მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილის ექიმი: სისხლის ანალიზის ერთი პარამეტრი არ იყო კარგი, გავუკეთეთ გადასხმა

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის ცნობით, სააკაშვილს დღეს სისხლის ანალიზი გაუკეთეს, ერთ-ერთი პარამეტრი კი "არ იყო კარგი". ამის შესახებ ყიფშიძემ ჟურნალისტებთან ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ისაუბრა. მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"დღეს ჩატარდა როგორც გითხარით სისხლის ანალიზი, სისხლის ანალიზის ერთი პარამეტრი არ იყო კარგი. მე ეს უკვე ვიცოდი, ამიტომ აქ გამოვიქეცი და გავუკეთეთ გადასხმა. დღეს არ არის საჭირო მისი ჰოსპიტალიზაცია, დღეს კრიზისი უკვე გადავიარეთ, მაგრამ ხვალ შეიძლება. ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია". – ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

სააკაშვილის პირადი ექიმის თქმით, საჭიროა ექსპრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა. ყიფშიძე ამბობს, რომ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა არ შეიძლება.

"საჭირო არის მისი მკურნალობა საავადმყოფოში. მისი [მიხეილ სააკაშვილის] მკურნალობა უნდა მოხდეს სამოქალაქო საავადმყოფოში. არ შეიძლება ამის გაკეთება ციხის საავადმყოფოში. გეტყვით რატომ, მე როცა ვიყავი რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ჩემთან ავადმყოფები მოჰყავდათ ციხის საავადმყოფოდან და ახლა ლოგიკას ვერ ვხედავ. აქედან გადავიყვანოთ ციხის საავადმყოფოში? სადაც არ იქნება ბევრი რამ დაცული". – ამბობს მიხეილ სააკაშვილი ექიმი.

20 ოქტომბერს, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იგეგმება. 

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით კი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა არ განიხილება. მან აღნიშნა, რომ ციხის საავადმყოფო ერთადერთი დაწესებულებაა, სადაც საჭირების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს მოათავსებენ. 

19 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შექმნილი ექიმთა ჯგუფის შეხვედრის შემდეგ ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ იუსტიციის სამინისტროში შეხვედრაზე სააკაშვილის "პრევენციულ ჰოსპიტალიზაციაზე" შეთანხმდნენ. თუმცა, მისივე სიტყვებით, ჯერ ექსპრეზიდენტის თანხმობაა საჭირო. მოგვიანებით, ყიფშიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციაზე თანახმაა, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 22-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები