ვაქცინაცია

ტიკარაძე: ვაქცინაციის პროცესში, რა თქმა უნდა, არის კლება, რაც მოსალოდნელი იყო

საქართველოს მთავრობა / Facebook

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესში შეინიშნება კლება, რაც, როგორც თავად მინისტრი განმარტავს, მოსალოდნელი იყო.

"ვაქცინაციის პროცესშიც, რა თქმა უნდა, არის კლება, რაც მოსალოდნელი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ დაახლოებით 40%-იან ნიშნულს მივაღწიეთ, სადაც ქვეყნის მოსახლეობა არის აცრილი, რომელიც კალენდრით იყო გაწერილი". – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

ჯანდაცვის მინისტრმა ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზეც ისაუბრა. ტიკარაძის თქმით, ეპიდვითარება ქვეყნის მასშტაბით საყურადღებოა. ამის გამოსასწორებლად კი, ტიკარაძის აზრით, სამინისტრო "ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებს".

"აღსრულების ნაწილში შრომითი ინსპექცია არის აქტიურად ჩართული, რათა მონიტორინგი გაუწიოს, თუ რამდენად სრულდება ის მოწოდებული რეგულაციები, რომლებიც  NCDC-დან და ჯანდაცვის სამინისტროდანაა მოწოდებული". – ამბობს ტიკარაძე.

ჯანდაცვის მინისტრისთვის ვაქცინაციის პროცესის შენელების მოსალოდნელობის პარალელურად, პრემიერმინისტრის გეგმის თანახმად, სექტემბრის ბოლომდე 2 მლნ უნდა აეცრათ, თუმცა, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე ერთი დოზით აიცრა მხოლოდ 1 017 863 ადამიანი, ხოლო სრულად ქვეყანაში ვაქცინირებულია – 914 311 პირი.

"ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი ჩვენი მოქალაქე იყოს აცრილი. აქედან ზოგი იქნება ერთჯერადად, ზოგი იქნება უკვე ორჯერადად აცრილი, ალბათ, მილიონს უკვე გადატანილი ექნება და აქვს კიდევაც უკვე გადატანილი" - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 30 აგვისტოს განაცხადა. იქამდეც, რამდენიმე დღით ადრე, პრემიერმიმინისტრმა თქვა, რომ "ამ ტემპების შენარჩუნებით, ჩვენ შეგვიძლია, სექტემბრის ბოლოს 2 მილიონი ადამიანი იყოს აცრილი".

ქვეყანაში ვაქცინაცია 7 თვის წინ, მარტში დაიწყო, მასობრივი ვაქცინაცია კი - მხოლოდ ივლისში. ამ დროისთვის, აცრები ფაიზერის, სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინებით არის შესაძლებელი. ასტრაზენეკათი ვაქცინაცია მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც მეორე დოზა აქვს დაგეგმილი. 


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები