მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილი: თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მე-20 დღეა პროტესტის ნიშნად საპატიმროში შიმშილობს, ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე თანახმაა. ამის შესახებ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ წაიკითხა.

"სანამ დაპატიმრებული ვარ, საკვებს არ მივიღებ არცერთი ფორმით და მზად ვარ სიკვდილისთვისაც. ამავე დროს მინდა ბოლომდე შემრჩეს საღი აზროვნება და შრომისუნარიანობა, ამიტომ თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე, რომელიც სწორად დამეხმარება გონზე ყოფნაში და თუნდაც ძალიან შეზღუდულად, მაგრამ მაინც მიმდინარე მოვლენებში მონაწილეობის მიღებაში, რათა სადამდეც შემეძლება,  გამოვადგე საქართველოს. ახლა საზოგადოება ძალიან მობილიზებულია მიუხედავად ჩემი პირადი მდგომარეობისა, როგორც არასდროს, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი". – წერს მიხეილ სააკაშვილი.

19 ოქტომბერს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შექმნილი ექიმთა ჯგუფის შეხვედრის შემდეგ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ იუსტიციის სამინისტროში შეხვედრაზე სააკაშვილის "პრევენციულ ჰოსპიტალიზაციაზე" შეთანხმდნენ. თუმცა, მისივე სიტყვებით, ჯერ ექსპრეზიდენტის თანხმობაა საჭირო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე მე-20 დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები