მიხეილ სააკაშვილის დაკავება

დამენია: ღარიბაშვილის სიტყვები ნიშნავს, რომ ოცნება მთლიანად მოსწყდა ევრო-ატლანტიკურ ალიანსს

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს წევრი, ლაშა დამენია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ევროპელი პოლიტიკოსების წერილის შესახებ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს ეხმაურება. 

"როდესაც ქვეყანაში გყავს ასეთი არაადეკვატური პრემიერმინისტრი, რომელსაც არ აინტერესებს ევროპარლამენტარების აზრი და თავისუფალი სამყაროს გამოხმაურება, ეს არის დამღუპველი და ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება მთლიანად მოწყდა ევრო-ატლანტიკურ ალიანსს და საქართველოს მიათრევს რუსეთის ორბიტისკენ. ამიტომაც 30 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ საკუთარი აქტიურობით უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ ივანიშვილის რეჟიმი მოაშოროს მართვის სადავეებს". – თქვა ლაშა დამენიამ.

ირაკლი ღარიბაშვილმა წერილზე საუბრისას, რომელსაც ხელს 26 ევროპარლამენტარი აწერს თქვა, რომ "არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის".

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე მე-19 დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილის პირადი ექიმისა და ადვოკატების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია – მას უჭირს საუბარი და გადაადგილება. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები