საარჩევნო კოდექსი

ISFED: საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის არჩევნების გამჭვირვალობას

ტაბულა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ცესკოსა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ავტორობით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ მკვეთრად უარყოფითად აფასებს.

ISFED-ი ხაზს უსვამს, რომ ცვლილებების ინიცირება საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის გვერდის ავლით მოხდა.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ინიცირებული ცვლილებების ნაწილი აზრს უკარგავს არჩევნების შედეგების დროულად გამოცხადებისთვის საარჩევნო კანონმდებლობით აქამდე დადგენილ გამჭვირვალობისა და გაყალბების თავიდან აცილების მექანიზმებს და საფრთხის შემცველია დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის", - აღნიშნულია ISFED-ის განცხადებაში.

ორგანიზაცია კონკრეტული დეტალების შესახებაც საუბრობს. დაგეგმილის ცვლილებების მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები ცესკოში არა პირდაპირ, არამედ საოლქო კომისიების მეშვეობით გადაიგზავნება. აქამდე საუბნო კომისია შემაჯამებელ ოქმს შედგენისთანავე ცესკოს უგზავნიდა. "სამართლიანი არჩევნები" მიუთითებს, რომ არსებულ კანონში ამ ჩანაწერის მიზანია შედეგები დროულად და ეფექტურად მიაწოდონ ცესკოს, რომელიც ამის საჯაროდ გამოქვეყნებას უზრუნველყოფს. ISFED-ი მიიჩნევს, რომ ეს არჩევნების შედეგების გაყალბების წინააღმდეგ საარჩევნო კანონმდებლობით განმტკიცებული მნიშვნელოვანი მექანიზმია.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ შემაჯამებელი შედეგების არა პირდაპირ ცესკოში, არამედ ჯერ საოლქო კომისიაში გაგზავნა გამორიცხავს არჩევნების შედეგების დროულ ხელმისაწვდომობას, საოლქო საარჩევნო კომისიის სახით ქმნის დამატებით ბარიერს და შედეგების საჯაროობის თვალსაზრისით არჩევნების შედეგების გაყალბების საფრთხეა.

"საგულისხმოა, რომ აღნიშნული ცვლილების შესახებ არაფერია ნათქვამი კანონპროექტის განმარტებით ბარათში და შესაბამისად, უცნობია, რა მოტივი და მიზეზი ამოძრავებს ცესკოს შემაჯამებელი ოქმები მიიღოს არა პირდაპირ საარჩევნო უბნებიდან არამედ საარჩევნო ოლქებიდან. ასევე, პროექტის მიხედვით, ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე ვალდებული აღარ იქნება არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ცნობა თითოეული საარჩევნო უბნის მიხედვით არჩევნების შედეგების შესახებ", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ISFED-ი საუბრობს კიდევ ერთ დაგეგმილ ცვლილებაზე, რომლის მიხედვით, ამომრჩევლის მოსყიდვა აკრძალული იქნება არა მთლიანად საარჩევნო პერიოდში, არამედ არჩევნების დანიშვნიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით.

დღეს მოქმედი კანონით, ამომრჩევლის მოსყიდვა აკრძალულია არჩევნების დანიშვნის დღიდან საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე. "სამართლიანი არჩევნები" მიუთითებს, რომ დაგეგმილი ცვლილებების შედეგად, მეორე ტურის შემთხვევაში, ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებული 47-ე მუხლით დადგენილი აკრძალვა ვეღარ გავრცელდება პირველი ტურის კენჭისყრის დღესა და არჩევნების მეორე ტურის თარიღის დანიშვნამდე შორის პერიოდზე, სადაც კანდიდატების მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის რისკები მაღალია.

"მაგალითად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 600,000 ამომრჩევლისთვის ე.წ. "ვალების განულების" ინიციატივა, სწორედ პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდში განხორციელდა, რაც როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ამომრჩევლის მოსყიდვად შეფასდა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ცესკოს ავტორობით ინიცირებული ცვლილებები ამომრჩევლის მოსასყიდად კანონის გვერდის ავლის საშუალებას აჩენს", - აღნიშნავენ ISFED-ში.

გარდა ამისა, დაგეგმილი ცვლილებებით, იკრძალება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების დამკვირვებლად დანიშვნა. "სამართლიანი არჩევნები" აღნიშნავს, რომ ამ შეზღუდვის მიზანი ბუნდოვანია და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის დამკვირვებელთა მობილიზების პროცესში ხელის შეშლის რისკებს შეიცავს. ორგანიზაცია ასევე მიუთითებს იმაზე, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში ამ შეზღუდვის მიზანი დასაბუთებული არ არის. 

"პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების ნაწილი ძირეულად ცვლის შედეგების საჯაროობის აქამდე არსებულ პრინციპს, რაც თავის მხრივ ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის მიერ საარჩევნო საკითხების კარგი პრაქტიკის ფარგლებში საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობასთან დაკავშირებით დამკვიდრებულ პრინციპს, რომლის თანახმად, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო საკითხების ცვლილება არჩევნებამდე არაუგვიანეს ერთი წლისა არ უნდა იქნას განხილული, თუ ეს ცვლილებები მიმართული არ არის ევროპული საარჩევნო სტანდარტების დამკვიდრებისკენ და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულებისკენ", - აღნიშნულია "სამართლიანი არჩევნების" განცხადებაში.

ISFED-ი მიუთითებს, რომ შემოთავაზებული ცვლილებების პრობლემური ნაწილი სრულიად ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარსულში პოზიტიურად შეფასებულ იმ რეფორმასა და საარჩევნო პროცედურებს, რომლებიც არჩევნების შედეგების დროულად გამოქვეყნებას და არჩევნების მანიპულაციების და გაყალბებისგან დაცვას განაპირობებს.

"უარყოფითად უნდა შეფასდეს ასევე, თავად კანონპროექტის ინიცირების პროცესი, რომელიც საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ფორმატისგან დამოუკიდებლად, საარჩევნო პროცესში მონაწილე მხარეების ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

"სამართლიანი არჩევნები" მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ყველა ინიციატივა განიხილოს საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფორმატში საარჩევნო პროცესებში ჩართული ყველა მხარის ჩართულობით და პროცესი წარმართოს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ფართო კონსენსუსის ფონზე.

გარდა ამისა, ორგანიზაცია მოუწოდებს ცესკოს გაუფრთხილდეს საარჩევნო ადმინისტრაციის ავტორიტეტს, არ გადადგას ნაბიჯები, რაც გააუარესებს საარჩევნო პროცედურების გამჭვირვალობის არსებულ სტანდარტებს, შეამცირებს ნდობას საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ და გაზრდის არჩევნების შედეგებით მანიპულაციის რისკებს.

კომენტარები