მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ივანიშვილის სახლთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტები დააკავა

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

სამოქალაქო აქტივისტის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარეობს, პოლიციამ 2 აქტივისტი დააკავეს.

ტაბულა მომხდარზე დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს და მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით სამოქალაქო ორგანიზების გაერთიანება – "მიშას თავისუფლებისთვის" ბიძინა ივანიშვილის სახლამდე მსვლელობასა და საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავთა დიდი რაოდენობა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე მე-16 დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილის პირადი ექიმისა და ადვოკატების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია – მას უჭირს საუბარი და გადაადგილება. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

14 ოქტომბერს თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

კომენტარები