პენიტენციური დაწესებულება

ომბუდსმენი: საპატიმროებში, სავარაუდოდ, არ არსებობს სახანძრო-უსაფრთხოების წესები

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, რუსთავის  მე-17 საპატიმროში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ დაწესებულებებში, სავარაუდოდ, არ არსებობს სახანძრო-უსაფრთხოების წესები და ასევე, კრიტიკული შემთხვევებზე რეაგირების ინტრუქციები.

ომბუდსმენის ინფორმაციით, ხანძრის დროს დაშავებული ორი ადამიანი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფილია და ასევე, ამ დროისთვის მთელ დაწესებულებაში თითქმის სრულად არის აღმდგარი 

"მიღებულმა ინფორმაციამ აჩვენა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სავარაუდოდ არ არსებობს სახანძრო-უსაფრთხოების წესები და კრიტიკულ შემთხვევებზე რეაგირების მკაფიო ინსტრუქციები. გამოჩნდა, რომ ცეცხლის კერის გაჩენის შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებებში იქმნება ხანძრის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებისა და პატიმართა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების მაღალი რისკი. მიღებული ინფორმაციის თანახმად, არ ხდება სახანძრო-უსაფრთხოების ხარისხის გეგმიური თუ არაგეგმიური მონიტორინგი. სხვადასხვა შენობების (მაგ. სამზარეულო, საცავები) სამშენებლო მასალების შერჩევისას სავარაუდოდ, არ ხდება ცეცხლგამძლეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების გათვალისწინება.

აუცილებელია, პატიმართა საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლის გაჩენისა თუ დაკვამლიანების გავრცელების შემთხვევაში, არსებობდეს კორპუსების სწრაფი ევაკუაციის ეფექტიანი გეგმა. ასევე, საცხოვრებელ კორპუსთან ახლო მდებარე შენობაში ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, უნდა არსებობდეს საცხოვრებელ კორპუსში მყოფი პატიმრების დაკვამლიანების ინტოქსიკაციისგან დაცვის მკაფიო ინსტრუქცია", - წერია განცხადებაში.

ნინო ლომჯარია იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს, რომ "პროაქტიულად და სრულფასოვნად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას მსგავსი მნიშვნელობის ფაქტებთან დაკავშირებით".

N17 დაწერებულებაში ხანძარი გუშინ, 14 ოქტომბერს, 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა. პენიტენციური სამსახურის  ცნობით, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული.

შემთხვევას ორი მსჯავრდებულის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები