პენიტენციური დაწესებულება

ლომჯარია: N17 დაწესებულებაში პატიმრებს გავესაუბრები – რამდენად იგრძნობოდა მათთვის საფრთხე

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, N17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს შეხვდება და გამოკითხავს, რამდენად გრძნობდნენ გუშინ, 14 ოქტომბერს გაჩენილი ხანძრის დროს საფრთხეს და დაგვიანდა თუ არა მათი ევაკუაცია. 

"ნამდვილად სამწუხაროა, რომ არც პენიტენციურმა სამსახურმა და არც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა არ შეგვატყობინა აღნიშნულის თაობაზე. დღეს უკვე რამდენიმე საათია, ჩემი წარმომადგენლები იმყოფებიან ციხის ტერიტორიაზე, გაესაუბრნენ პატიმრებს, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, მათთვის არის ინფორმაცია ცნობილი, რომ ხანძარი დაიწყო სასადილოში, სადილის შემდგომ. იქ იმყოფებოდა 1 პირი, რომლის გამოყვანასაც სხვა პატიმარი ცდილობდა და ისიც, სავარაუდოდ, დაიღუპა.  

ჯერჯერობით რაც ვიცი, ეს სასადილო არის მოშორებით პატიმრებისგან, ე.წ. ზონისგან. ვნახავ და გავესაუბრები პატიმრებს, რამდენად იგრძნობოდა მათთვის საფრთხე, იყო თუ არა საჭირო ევაკუაცია შექმნილ ვითარებაში. ჩვენ გავესაუბრეთ სამეურნეო ნაწილის პატიმრებს და ისინი აცხადებენ, რომ არ იყო ასეთი საფრთხე. მე თვითონ შევალ, გავესაუბრები პატიმრებს და გეტყვით, როგორია მდგომარეობა". - ამბობს ნინო ლომჯარია. 

14 ოქტომბრეს N17 ციხის სამზარეულოში გაჩენილ ხანძარს 2 მსჯავრდებულის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასევე, კვამლით ინტოქსიკაციით მსუბუქად დაშავდა კომპანია ილი ჯგუფის რამდენიმე თანამშრომელი. 

მომხდარზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შესაძლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე დაიწყო

N17 დაწერებულებაში ხანძარი გუშინ, 14 ოქტომბერს, 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა. პენიტენციური სამსახურის  ცნობით, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული.

კომენტარები