პოლონეთი

ვარშავაში EU-ს წევრობის მხარდამჭერ აქციაზე 4 ადამიანი, მათ შორის პრემიერის ძმისშვილი დააკავეს

10 ოქტომბერს პოლონეთის მასშტაბით 100 000-ზე მეტმა ადამიანმა ევროკავშირის წევრობის მხარდამჭერ დემონსტრაციებში მიიღო მონაწილეობა. ხალხმრავალი აქცია გაიმართა დედაქალაქ ვარშავაშიც. ვარშავაში პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა, მათ შორის პოლონეთის პრემიერმინისტრის მატეუშ მორავეცკის ძმისშვილი ფრანეკ ბრონდა.

ბრონდა პოლიციას დაკავების დროს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ვარშავის პოლიციის წარმომადგენერმა დაადასტურა, რომ ფრანეკ ბონდა პოლიციამ ნამდვილად დააკავა, თუმცა ძალადობის ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. პრემიერმინისტრის 18 წლის ძმისშვილი მთავრობის აქტიური კრიტიკოსი და სექსუალური და გენდერული უმცირესობების უფლებების აქტივისტია.

ევროკავშირის წევრობის, ქვეყნის ევრიპული კურსის მხარდამჭერ და მმართველი პარტიის საწინააღდეგო აქციაზე აქციებზე რამდენიმე ათეული ადამიანი მაშხალების ანთებისთვის და სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებისთვის დააჯარიმეს.

აქციები პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც ზოგიერთ შემთხვევაში პოლონეთის კანონმდებლობა ევროკავშირისაზე მაღლა დააყენა.

გადაწყვეტილებამ შექმნა შიშის საფუძველი, რომ პოლონეთმა შესაძლოა, რაღაც ეტაპზე გაერთიანება დატოვოს. ევროკავშირის კანონმდებლობის უზენაესობა გაერთიანების ერთ-ერთი ძირეული პრინციპია.  

საპროტესტო აქციები ქვეყნის 100-ზე მეტ ქალაქში გაიმართა. 

აქციებში მონაწილეობა მიიღეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, აქტივისტებმა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა. ვარშავაში გამართულ აქციაზე ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა და პოლონეთში ოპოზიციური პარტიის სამოქალაქო პლატფორმის ლიდერმა მოსახლეობას "ევროპული პოლონეთის დაცვისკენ" მოუწოდა.

პოლონეთის პრემიერმინისტმა მატეუშ მორავეცკიმ სასამართლოს გადაწყვეტილება გაამართლა.

"ჩვენ გვინდა ისეთი საზოგადოება, სადაც პატივისცემა იქნება და არა თანასწორებისა და უფრო თანასწორების ჯგუფები. ეს არის ჩვენი საზოგადოება, ჩვენი კავშირი... ეს არის ისეთი კავშირი, როგორიც გვსურს და როგორსაც ჩვენ შევქმნით", – დაწერა სოციალურ ქსელ Facebook-ზე პრემიერმინისტრმა მორავეცკიმ და სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმა. ასევე, მან დაამატა, რომ პოლონეთს სურს, "ევროპულ ერთა ოჯახში" დარჩეს. 

მორავეცკიმ პოლონეთის კანონებისა და ევროკავშირის სამართლებრივი შეთანხმების შედარება საკონსტიტუციო სასამართლოში 2021 წლის მარტში მოითხოვა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წელს, პოლონეთის მიერ მოსამართლეთა დანიშვნის ახალი სისტემა არღვევდა ევროკავშირის კანონებს. 

ამჟამად, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლო ძირითადად მთავრობის გავლენის ქვეშ მყოფი მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული.

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ევროპული კომისია და აღნიშნა, რომ "ევროკავშირის კანონები ეროვნულ კანონებზე ზემდგომია, მათ შორის საკონსტიტუციო დებულებებზე". 

"ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებები ყველა წევრი ქვეყნის მთავრობისთვის სავალდებულო შესასრულებელია, მათ შორის ეროვნული სასამართლოებისთვისაც", – ნათქვამია კომისიის განცხადებაში. 

ეს ევროკავშირის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც წევრი ქვეყნის ლიდერებმა კავშირის სამართლებრივი შეთანხმებები საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილეს.

კომენტარები