ჩეხეთი

ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი საავადმყოფოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია

მილოშ ზემანი
Reuters

​ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი პრაღის ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტალის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. საავადმყოფოს დირექტორის მიროსლავ ზავორალის თქმით, პრეზიდენტის დიაგნოზი ცნობილია, მაგრამ პრეზიდენტის თხოვნით, მისი ჯანმრთელობის დეტალებზე არ ისაუბრებს.

"ზუსტად ვიცით დიაგნოზი, რაც მიზნობრივი მკურნალობის საშუალებას გვაძლევს." – თქვა ზავორალმა.

მანამდე პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომ გასულ თვეს საავადმყოფოში 8 დღის გატარების შემდეგ პრეზიდენტი გადაღლილი და დეჰიდრირებული იყო.

მილოშ ზემანი საავადმყოფოში 10 ოქტომბრის დილით პრემიერმინისტრ ანდრეი ბაბიშთან შეხვედრის შემდეგ მალევე გადაიყვანეს. პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობს ფორმირებასთან დაკავშირებით უნდა დაეწყოთ მოლაპარაკებები.

ჩეხეთში არჩევნების შემდეგ პრეზიდენტი პარტიების ლიდერებს ხვდება, რათა მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საჭირო პროცედურები დაიწყოს. ჩვეულებრივ ჩეხეთში ყველაზე ძლიერი პარტიის ლიდერი აყალიბებს მთავრობას. ზემანს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა არჩევნებამდე მან მიანიშნა, რომ პრემიერმინისტრად ის ყველაზე წარმატებული პარტიის და არა კოალიციის ლიდერს დანიშნავდა. ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით კი ასეთი პარტია ბაბიშის ANO-ა. თუმცა არჩევნებში კოალიციამ ერთად გაიმარჯვა.

ჩეხეთის სტატისტიკის ოფისის ინფორმაციით, სამი პარტიის ლიბერალურ-კონსერვატულმა კოალიციამ ერთად ხმების 27.8% მოიპოვა, ხოლო ბაბიშის პარტიამ ANO – 27.1%. კიდევ ერთი კოალიცია, რომელიც მეკობრეთა პარტიისგან და მერების ჯგუფის STAN-ის გაერთიანებით არის შექმნილი, მესამე ადგილზე გავიდა და ხმების 15.6% მოიპოვა. მეოთხე ადგილზე პარტია თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია გავიდა 9.6%-იანი მხარდაჭერით. აღსანიშნავია, რომ სოციალ-დემოკრატიულმა და კომუნისტურმა პარტიებმა პარლამენტში შესასვლელად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოიპოვეს. 1993 წელს ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა სოციალ-დემოკრატებსა და კომუნისტებს საპარლამენტო მანდატები არ ექნებათ.

კოალიციამ ერთად აპირებს მეკობრეთა პარტიის და მერების ჯგუფის კოალიციასთან PirStan-თან დაიწყოს მოლაპარაკებები. ერთობლივად კოალიციებმა პარლამენტის 200 მანდატიდან 108 მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის კონსტიტუციით, როდესაც პრეზიდენტს არ შეუძლია პრემიერმინისტრს დანიშვნა, ეს უფლება პარლამენტის ქვედა პალატაზე გადადის.

კომენტარები