ჩეხეთი

ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერმინისტრ ანდრეი ბაბიშის პარტია დამარცხდა

ანდრეი ბაბიში
Bloomberg

ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერმინისტრ ანდრეი ბაბიშის პარტია, ANO მცირე სხვაობით დამარცხდა

ჩეხეთის სტატისტიკის ოფისის ინფორმაციით, სამი პარტიის ლიბერალურ-კონსერვატულმა კოალიციამ ერთად ხმების 27.8% მოიპოვა, ხოლო ბაბიშის პარტიამ ANO – 27.1%. კიდევ ერთი კოალიცია, რომელიც მეკობრეთა პარტიისგან და მერების ჯგუფის STAN-ი გაერთიანებით არის შექმნილი, მესამე ადგილზე გავიდა და ხმების 15.6% მოიპოვა. მეოთხე ადგილზე პარტია თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია გავიდა 9.6%-იანი მხარდაჭერით. აღსანიშნავია, რომ სოციალ-დემოკრატიულმა და კომუნისტურმა პარტიებმა პარლამენტში შესასვლელად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოიპოვეს. 1993 წელს ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა სოციალ-დემოკრატებსა და კომუნისტებს საპარლამენტო მანდატები არ ექნებათ.

"ორმა დემოკრატიულმა კოალიციამ უმრავლესობა მოიპოვა და შესაძლებლობა აქვთ მთავრობა ჩამოაყალიბონ." – თქვა პეტრ ფიალამ გამარჯვებული კოალიციის ლიდერმა და პრემიერმინისტრობის კანდიდატმა.

საპარლამენტო არჩევნებისთვის ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთა პოლიტიკა ევროკავშირის პოლიტიკასთან უფრო ახლოს არის, არჩევნებამდე, განსხვავებების მიუხედავად, პოპულისტი ბაბიშის წინააღმდეგ ორი კოალიცია ჩამოაყალიბა. პოლიტიკური ანალიტიკოსის მიკაელ კლიმას შეფასებით, არჩევნების შედეგები ბაბიშისთვის დიდი მარცხია, "ჩეხეთის პოლიტიკის აბსოლუტური ცვლილებას" ნიშნავს და "დასავლეთ ბანაკში ქვეყნის პოზიციას ამყარებს.

ბაბიშის პრემიერმინისტრობის პერიოდში მისი მთავრობა არაერთ სკანდალში გაეხვა, თუმცა წინასაარჩევნო გამოკითხვებში ANO ლიდერობდა. მილიარდერი ანდრეი ბაბიშის წინააღდეგ გამოძიება მიმდინარეობს ევროკავშირის სუბსიდიებთან დაკავშირებული თაღლითობის საქმეზე.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) 35 მოქმედი და ძველი ლიდერის და 300-ზე მეტი საჯარო პირის ოფშორულ ბიზნესებსა და დამალული ქონებების შესახებ მონაცემები Pandora Papers-ის სახელით გამოაქვეყნა. მასალებში ჩეხეთის პრემიერიმინისტრიც მოხვდა. მასალების მიხედვით, ბაბიშმა თავისი ოფშორული ფირმებიდან ფული 2009 საფრანგეთში ქონების შესყიდვისთვის გამოიყენა. ბაბიში ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ეს მისი საწინაღმდეგო კამპანიის ნაწილია.

არჩევნებამდე ჩეხეთის ხელისუფლება უმცირესობის კოალიცია მართავდა. კოალიციის წევრები ბაბიშის პარტია ANO და სოციალ-დემოკრატიული პარტია იყვნენ. რიგ შემთხვევებში პრემიერმინისტრი ასევე კომუნისტური პარტიის მხარდაჭერით სარგებლობა.

ჩვეულებრივ ჩეხეთში ყველაზე ძლიერი პარტიის ლიდერი აყალიბებს მთავრობას. პრეზიდენტ მილოშ ზემანს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა არჩევნებამდე მან მიანიშნა, რომ მთავრობის ჩამოყალიბების პროცესის ლიდერად ის ყველაზე წარმატებული პარტიის და არა კოალიციის ლიდერს დანიშნავს. ამ შემთხვევაში კი ეს ანდრეი ბაბიში იქნება. ბაბიში და ზემანი ერთმანეთს 10 ოქტომბერს შეხვდებიან.

"ჩვენ ყველაზე ძლიერი პარტია ვართ. თუ პრეზიდენტი მთხოვს, რომ მთავრობა ჩამოავაყალიბო, ღია ვარ მოლაპარაკებებისთვის." – თქვა ბაბიშმა.

ახალ მთავრობას პარლამემტის მხრიდან ნდობის გამოცხადება სჭირდება, ბაბიშის პარტიას და მის შესაძლო მოკავშირეს, პარტიას თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია ამისთვის პარლამენტში საკმარისი მხარდაჭერის უზრუნველყოფა არ შეუძლიათ.

კომენტარები