მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მუღანლოელებმა მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს ცხვარი დაუკლეს და რუსთავის ციხესთან მიიტანეს

რადიო თავისუფლება

სოფელ მუღანლოს მცხოვრებლები რუსთავის ციხესთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად მივიდნენ. რადიო თავისუფლების ცნობით, მუღანლოელებმა სააკაშვილს დაკლული ცხვარი, ნაზუქები, ნამცხვრები და ხილის წვენი და მინერალური სასმელები მიუტანეს.

როგორც ერთ-ერთი მცხოვრები, მაჰამად ეიბოვი ამბობს, სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვენ, რადგან "ის საქართველოს სჭირდება".

"ეს არის ჩვენი სოფლის წევრების ნობათი. მიშასთვის ჩამოვიტანეთ ჩვენ, რომ მიშამ ჭამოს რამე და მაგრად იყოს. მიშას მომავალი საქართველოს მომავალია. მიშა არის ჩვენი მესამე პრეზიდენტი, გვინდა რომ იყოს საქართველოში და ჩვენ გვერდზე ბოლომდე. გაუმარჯოს მიშას". ამბობს ეიბოვი რადიო თავისუფლებასთან

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. ადვოკატების ინფორმაციით, ის დაკავების დღიდან შიმშილობს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 

ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, 1-ლი ოქტომბრიდან შიმშილობს. 8 ოქტომბერს სააკაშვილის მონახულების შემდეგ მისი წერილი ნიკა გვარამიამ წაიკითხა, ექსპრეზიდენტი წერდა, რომ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. 

კომენტარები