ბათუმი

საპატრიარქო: მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმის ტრაგედიის გამო, თანავუგრძნობთ ოჯახებს

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და გარდაცვლილთა ოჯახებს თანაუგრძნობს.

"მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ და თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

უფალმა აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს გარდაცვლილთა სულები". – ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

ამ დროისთვის ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ჯამში 8 ადამიანია გარდაცვლილი. მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 9 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

უფრო ადრე მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

კომენტარები