ბათუმი

ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცი რეანიმაციაში გადაიყვანეს, მას ქალა-ტვინის ტრავმა აქვს

შსს

მედცენტრის დირექტორის ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცი რეანიმაციაში გადაიყვანეს - მისი მდგომარეობა მძიმეა, კაცს ქალა-ტვინისა და გულ-მკერდის ტრავმა აქვს. 

"პაციენტი მკურნალობის გასაგრძელებლად გადადის რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ მომენტისთვის სასწრაფო ქირურგიული ჩარევა არ ესაჭიროება. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე. სახეზეა პოლიტრავმა, ქალა-ტვინისა და გულმკერდის დახურული ტრავმა, გულ-მკერდის დაჟეჟილობა, რბილი ქსობილების დაჟეჟილობა, აქვს კოჭის ღია მოტეხილობა და ტრავმული შოკი. გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე, ინტენსიური მკურნალობა გაუგძელდება რეანიმაციულ განყოფილებაში". - ამბობს მედცენტრს დირექტორი.  

ნანგრევებიდან ასევე ამოიყვანეს ქალი, რომელის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი - კლინიკის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის საავადმყოფოში გულის გაჩერებით, სისხლდენითა და კიდურების დაზიანებით შეიყვანეს. როგორც მისი ქმარი ამბობს, ნანგრევებში მათი მცირეწლოვანი შვილები რჩებიან. 

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ნანგრევებში, სავარაუდოდ, მაშველებმა ცხედარი იპოვეს. მისივე ინფორმაციით, ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქეების რაოდენობას ვერ აზუსტებენ, თუმცა, 10-ზე მეტი არ უნდა იყოს. 

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გომელაურის ინფორმაციით, სახლის ჩამონგრევის მიზეზებთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გაჩნდა, მათ შორის გაზის აფეთქებაც, თუმცა უწყება მთავარ ვერსიად ქვევით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს განიხილავს

კომენტარები