ჯეიმს ბონდი

საინტერესო ფაქტები ბონდიანას შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდით

Collider

დენიელ კრეიგმა მეხუთედ და უკანასკნელად ითამაშა ჯეიმს ბონდის როლი. ახალი ფილმი No Time To Die თბილისის კინოთეატრებში 7 ოქტომბერს გამოვა. 

ბონდიანას თითქმის 60-წლიანი ისტორია აქვს. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ჯეიმს ბონდის ფილმების შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდით.

პერსონაჟის შექმნის ისტორია

ყველაზე ცნობილი ჯაშუში ბრიტანელი მწერლის, იან ფლემინგის ფანტაზიის ნაყოფია. ფლემინგმა პირველ წიგნზე მუშაობა 1952 წელს დაიწყო, ავტორის თქმით იმ პერიოდში ოჯახს ქმნიდა, რაზეც ძალიან ნერვიულობდა, რადგან წლების განმავლობაში მარტო ცხოვრებას იყო მიჩვეული, ყურადღების გადასატანად წერა დაიწყო, ერთ წელიწადში ჯეიმს ბონდის პირველი წიგნი კაზინო როიალი გამოვიდა.

სახელის ისტორია

ფლემინგმა სახელი ორიენთოლოგიის წიგნზე ამოიკითხა. ჯეიმს ბონდი ცნობილი მეცნიერი იყო, რომელიც ფრინველებს სწავლობდა. ორიენთოლოგს სახელის მითვისება არ ესიამოვნა, საპასუხოდ წიგნის ავტორმა ბოდიში მოიხადა და მეცნიერს ნება დართო, რომელიმე ახლადაღმოჩენილი შეუხედავი ფრინველისთვის ფლემინგი დაერქმია. ბონდი ბოდიშით დაკმაყოფილდა.

პირველი ეკრანიზაცია ამერიკულმა ტელეარხმა გადაიღო

თავდაპირველად ფლემინგის წიგნები სამშობლოში პოპულარობით არ სარგებლობდა. ავტორმა ვერც ერთი ბრიტანელი პროდიუსერი ეკრანიზაციით ვერ დააინტერესა. სამაგიეროდ ფლემინგის წიგნი მოეწონათ ამერიკაში და 1954 წელს სატელევიზიო არხ CBS-ზე ფილმი კაზინო როიალი გამოვიდა, რომელშიც აგენტი 007-ის როლი ბარი ნელსონმა შეასრულა. პირველი ადაპტაციის პრემიერამ ყველასთვის შეუმჩნევლად ჩაიარა.

ჯონ კენედიმ ხელი შეუწყო ჯეიმს ბონდის პოპულარიზაციას

დღეს ჯეიმს ბონდი არაერთი ცნობილი ადამიანის საყვარელი პერსონაჟია. თუმცა 60 წლის წინ სუპერაგენტს ცოტა თაყვანისმცემელი ჰყავდა, ერთ-ერთი მათგანი აშშ-ს 35-ე პრეზიდენტი ჯონ კენედი იყო. პოლიტიკოსმა 1961 წელს ჟურნალ Life-თან ინტერვიუში ფლემინგის რომანი რუსეთიდან სიყვარულით საყვარელი წიგნების ჩამონათვალში შეიყვანა. პრეზიდენტის აღნიშვნის შემდეგ პერსონაჟით კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდა, მათ შორის პროდიუსერები და ბონდიანას სულისჩამდგმელები ჰერი სალცმანი და ალბერტ ბროკოლი.

პირველი სამი ფილმის გამხსნელ სცენაში შონ კონერი არ თამაშობს

კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამხსნელ სცენაში ჯეიმს ბონდს შონ კონერის დუბლიორი, ტრიუკების ოსტატი ბენ სიმონსი თამაშობს. ტექნიკური თვალსაზრისით სიმონსი ნელსონის შემდეგ მეორე ადამიანია, რომელმაც ბონდი განასახიერა, ხოლო კონერი მხოლოდ მესამე.

You Only Live Twice სცენარი როალდ დალს ეკუთვნის

ბონდიანას მეხუთე ნაწილის, You Only Live Twice-ს სცენარი საბავშვო ავტორს, როალდ დალს ეკუთვნის. დალი ავტორია ისეთი ზღაპრებისა, როგორებიც არის ჩარლი და შოკოლადის ქარხანა, სასწაულმოქმედი მისტერ ფოქსი, მატილდა.

ერთ-ერთი ბოროტმოქმედი მომდევნო ფილმში თაყვანისმცემლების თხოვნით დაბრუნდა

1977 წელს, ფილმში The Spy Who Loved Me რკინისკბილებიანი ბოროტმოქმედი მეტსახელად ყბები გამოჩნდა, მისი როლი რიჩარდ კილმა შეასრულა. კილის პერსონაჟი არამარტო გადაურჩა სიკვდილს, არამედ შემდეგ ფილმში Moonraker ითამაშა. მიზეზი სტუდიაში თაყვანისმცემლების მიერ ქარიზმატული ბოროტმოქმედის დაბრუნების თხოვნით გაგზავნილი წერილების ზღვა გახდა.

ბონდების დუელი

1983 წელს ეკრანებზე ჯეიმს ბონდის შესახებ ერთდროულად ორი ფილმი გამოვიდა. სალცმანისა და ბროკოლის Octopussy როჯერ მურით და შონ კონერიანი Never Say Never Again, რომლის პროდიუსერი კევინ მაკელროი იყო. დაპირისპირება ჯერ კიდევ იან ფლემინგის სიცოცხლეში დაიწყო. ფლემინგმა და მაკელროიმ ერთად დაწერეს სცენარი ფილმისთვის Thunderbolt, შემდგომში მწერალმა სცენარზე დაყრდნობით რომანი დაწერა. მაკელროიმ იჩივლა და საავტორო უფლებებზე დავაში გაიმარჯვა. Never Say Never Again სწორედ Thunderbolt-ის ეკრანიზაციაა. მაკელროი და კონერი დუელში დამარცხდნენ, მურის Octapussy-მ კინოგაქირავებაში გაცილებით კარგი ციფრები აჩვენა.

მოდ ადამსი ერთადერთი მსახიობია, რომელმაც ორი სხვადასხვა ბონდის გოგონა ითამაშა

შვედი მსახიობი და მოდელი მოდ ადამსი ბონდიანას ერთადერთი მსახიობია, რომელმაც ორი სხვადასხვა ბონდის გოგონა ითამაშა. 1974 წელს ადამსმა ფილმში The Man With the Golden Gun ანდრეა ანდერსი განასახიერა, თითქმის ათი წლის შემდეგ კი Octapussy-ში ითამაშა ოქტაპუსი.

მხოლოდ ერთ მომღერალს აქვს შესრულებული ბონდიანას ორი სხვადასხვა ფილმის სიმღერა

ბონდის ფილმებისთვის სხვადასხვა დროს სიმღერები შესრულებული აქვთ ისეთ დიდ არტისტებს, როგორებიც ტომ ჯონსი, პოლ მაკკარტნი, მადონა და კრის კორნელი არიან. მხოლოდ ერთ მომღერალს აქვს ნამღერი ბონდიანას ორი სხვადასხვა ფილმის სიმღერა და მისი სახელია შირლი ბეისი. ბეისის ეკუთვნის საუნდტრეკი ფილმებისა Goldfinger და Diamonds Are Forever. ბოლო ბონდის სიმღერა ბილი აილიშმა შეასრულა.

დენიელ კრეიგისთვის ჯეიმს ბონდის როლი მტკივნეული აღმოჩნდა

ბონდიანას ფილმები მძაფრსიუჟეტიანი სცენებით არის დატვირთული, რაც თავის მხრივ ტრიუკების შესრულებას გულისხმობს. დენიელ კრეიგი სახიფათო ტრიუკების დიდ ნაწილს კასკადიორის გარეშე ასრულებს. მსახიობმა სხვადასხვა დროს გადასაღებ მოედანზე გაიწყვიტა მარჯვენა მხრის კუნთი, ორჯერ მოიტეხა წვივი, იღრძო მუხლი და საოპერაციო გაუხდა დაზიანებული ტერფი.

ჯეიმს ბონდს ასობით ადამიანი ჰყავს მოკლული

24 ფილმის განმავლობაში ჯეიმს ბონდს 597 ადამიანი ჰყავს მოკლული. წინ კიდევ ერთი ფილმია და დიდი ალბათობით აგენტის მიერ მოკლული ბოროტმოქმედების რაოდენობა 600-ს უპრობლემოდ გადააჭარბებს.

ვინ ვერ გახდა ბონდი?

დეკადების განმავლობაში აგენტი 007-ის როლზე პრეტენზია არაერთმა ცნობილმა მსახიობმა განაცხადა, მათ შორის არიან კერი გრანტი, რიჩარდ ბარტონი, მაიკლ გემბონი, ბერ რეინოლდსი, ჯეიმს ბროლინი, სემ ნილი და ევან მაკგრეგორი.

ვინ იქნება შემდეგი?

დაზუსტებით არავინ იცის ვინ ითამაშებს ყველაზე ცნობილ ჯაშუშს დენიელ კრეიგის შემდეგ. კანდიდატებს შორის არიან ტომ ჰარდი, იდრის ელბა, ტომ ჰიდლსტონი და სხვები. უფრო დეტალურად მომავლი ბონდის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

 

კომენტარები