მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა

ნონიაშვილი: ღარიბაშვილის ბოდვა ვარდების რევოლუციაზე ისტორიის გადაწერის მცდელობაა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ნონიაშვილი პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ეხმაურება, რომელმაც ვრცელი წერილი გამოაქვეყნა და ვარდების რევოლუციასთან დაკავშირებით დაწერა, რომ "2003 წელს, იმუნიტეტდაქვეითებულ ქვეყანაში სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ ძალაუფლება ხელისუფლების გადატრიალების გზით, ქვების სროლით იოლად მოიპოვა". 

ნონიაშვილის შეფასებით, "ღარიბაშვილის ბოდვა ვარდების რევოლუციასთან დაკავშირებით ისტორიის გადაწერის მცდელობაა". 

"არავის დედამიწის ზურგზე არ აინტერესებს ირაკლი ღარიბაშვილის სრული ბოდვა და ფსიქოანალიზი იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად უკან გადადგმული ნაბიჯი იყო ვარდების რევოლუცია, რამდენად ლეგიტიმურია პოლიტიკური ოპონენტების დევნა და სხვა მანკიერი, სრულიად ბოროტული ნაბიჯები, რასაც ხელისუფლება სჩადის. მკაფიოდ არის ისტორიის გადაწერის მცდელობა ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან". - ამბობს ნონიაშვილი. 

დღეს, 6 ოქტომბერს, ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასა და დაკავებასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ "სააკაშვილის მაქსიმუმ 5000-კაციან აქციას, წყლის ჭავლით ან მხუთავი აირით დაშლიდნენ". 

2 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. იქამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. 

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმში იყო.

კომენტარები