ავღანეთი

RFE/RL: თალიბანმა ტაჯიკი წევრები შეაიარაღა, უიღურები ჩინეთის საზღვრიდან გაიყვანა

ე.წ. ტაჯიკური თალიბანი, იგივე ანსარულლაჰი. ცენტრში დაჯგუფების ლიდერი - მუჰამედ შარიფოვი, ცნობილი, როგორც  მაჰდი არსალონი.
RFE/RL

Radio Free Europe/Radio Liberty-ს ტაჯიკური წყაროების ცნობით, თალიბანმა დაჯგუფების ტაჯიკი მოკავშირეები, რომლებიც ტაჯიკეთის საზღვართან ახლოს მყოფ ავღანურ რაიონებში იმყოფებიან, ახალი, ამერიკული შეიარაღებით, აღჭურვილობითა და სამხედრო ტექნიკით მოამარაგა. 

ტაჯიკეთის უსაფრთხოებისა და ჩრდილოეთ ავღანეთის ადგილობრივი წყაროების ცნობით, ეს პროცესი ბოლო ორი კვირა გრძელდება. 

ასევე, 4 ოქტომბერს, RFE/RL-ს წყაროების ცნობით, თალიბანმა, ჩინეთთან მაკავშირებელი საზღვრის მცირე მონაკვეთიდან გაიყავანა ეთნიკურად უიღური მებრძოლები. 

ტაჯიკეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ოფიციალური პირების თქმით, საზღვრის ავღანურ მხარეს შეინიშნებიან ტაჯიკი თალიბები, ამერიკული იარაღითა და Humvee-ს ტიპის მანქანებით. ინფორმაციას ადასტურებს ბადახშანის პროვინციაში მყოფი ყოფილი ავღანელი ოფიცერიც. 

ავღანური და ტაჯიკური წყაროების ცნობით, ორი ქვეყნის საზღვარზე, ამჟამად, რადიკალური დაჯგუფების 200-მდე შეიარაღებული პირი იმყოფება.

ტაჯიკეთი თალიბანის მთავრობის აღიარებას არ აპირებს, მანამ, სანამ ავღანეთში ინკლუზიური მთავროვა არ შეიქმნება, რომელშიც ყველა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი იქნება. საპასუხოდ, თალიბანი ტაჯიკეთს ავღანეთის საშინაო პოლიტიკაში ჩარევის გამო აფრთხილებს.  

ორ მხარეს შორის დაძაბულობის ფონზე, დაჯგუფებამ სექტემბერში გამოაცხადა, რომ საზღვარზე ათასობით მებრძოლის გაგზავნას აპირებდნენ. ტაჯიკეთი ავღანეთის 1 400-კილომეტრიან საზღვარზე 20 000 სამხედროს გაგზავნას აპირებს. 

RFE/RL-ს წინა თვეში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ტაჯიკი თალიბები ტაჯიკეთზე თავდასხმას გეგმავდნენ.

ასევე, ტაჯიკური და ავღანური წყაროების ცნობით, თალიბანმა ჩინეთის სასაზღვრო ზონიდან, ბადახშანის პროვინციის მცირე მონაკვეთიდან გაიყვანა ეთნიკურად უიღური შეიარაღებული პირები. ჩინეთი და ავღანეთი 76-კილომეტრიან საზღვარს იზიარებენ. 

თურქისტანის ისლამური პარტიის მებრძოლები თალიბანმა ბადახშანიდან სხვა რეგიონებში, მათ შორის ნანგარჰარის პროვინციაში გადაიყვანა. 

თურქისტანის ისლამური პარტია არის ეთნიკურ უიღურთა მოძრაობა, რომელიც ჩინეთისა და გაეროს მიერ გამოცხადებულია ტერორისტულ დაჯგუფებად. ჩინეთს ეს დაჯგუფება საფრთხეს უქმნის სინძიანგის პროვინციაში, სადაც ეთნიკურად უიღურები ცხოვრობენ. დაჯგუფება კავშირშია ალ-კაიდასთან.

თალიბანი ჩინეთს დაპირდა, რომ ისინი თურქისტანის ისლამურ პარტიას, ისევე, როგორც სხვა რადიკალურ დაჯგუფებებს თავშესაფარს არ მისცემდნენ. ასევე, გასულ თვეში, ისინი ამბობდნენ, რომ ამ დაჯგუფების მებრძოლებს ავღანეთის ტერიტორია დატოვებული ჰქონდათ. თალიბანის მიერ ივლისში დადებული პირობით, ისინი არავის მისცემენ ავღანეთის მიწის ჩინეთის წინააღმდეგ გამოყენების უფლებას.


ტაჯიკეთი ავღანეთთან 1 400-კილომეტრიან საზღვარს იზიარებს. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში, საზღვარზე საგანგებო ვითარება მას შემდეგაა გამოცხადებული, რაც თალიბანმა ზაფხულში დაწინაურება დაიწყო. კიდევ უფრო გაამკაცრეს კონტროლი ქაბულის დაცემის შემდეგ. ქაბულის დაცემამდე, ავღანეთის არმიისა და თალიბების შეტაკებების შემდეგ, იყო შემთხვევები, როცა ჯარისკაცები თავს ტაჯიკეთს აფარებდნენ. ავღანეთის საზღვართან ტაჯიკეთმა რუსეთთან ერთად წვრთნებიც ჩაატარა.

2020 წელს, დუშანბეს ყურადღება მიიქცია ე.წ. ტაჯიკური თალიბანის, ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფების, ანსარულლაჰის აქტიურობამ, რომლებიც, ცნობების მიხედვით, თალიბანთან თანამშრომლობდნენ. დაჯგუფებას უძღვება პირი, რომელიც თავს მაჰდი არსალონს უწოდებს. არსალონი 25 წლის მუჰამედ შარიფოვია. მას თალიბებმა ივლისში ავღანეთის ჩრდილოეთში 5 რეგიონი ჩააბარეს.


ჯამაათ ანსარულლაჰი, ასევე ცნობილი, როგორც ანსარულლაჰი ან ანსორულო, ათიოდე წლის წინ დააარსა ოპოზიციონერმა ტაჯიკმა ყოფილმა გენერალმა, რომელსაც დუშანბეს მთავრობის გადატრიალება სურდა.

ავღანეთის მთავრობის ყურადღება ტაჯიკური ტერორისტული დაჯგუფების წევრებმა 2020 წლის ნოემბერში მიიქციეს, როდესაც სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ დაუნდობლად კლავენ ავღანეთის სამხედრო უნიფორმებში გამოწყობილ პირებს მეამბოხეები, რომელთაც გამოკვეთილი ტაჯიკური აქცენტი აქვთ. ტაჯიკეთის მთავრობამ ვიდეოდან 10 პირის იდენტიფიკაცია შეძლო, მათი თქმით, ერთ-ერთი შარიფოვი იყო.

მუჰამედ შარიფოვი
Radio Free Europe/Radio Liberty

ანსარულლაჰი 2010 წელს ამრიდინ თაბაროვმა დააარსა, რომელიც 1992-97 წლების ტაჯიკეთის სამოქალაქო ომის დროს, ანტისამთავრობო ისლამისტური ძალების გენერალი იყო. თაბაროვი, ასევე ცნობილი, როგორც მოლა ამრიდინი, ავღანეთის სამთავრობო ძალებმა 2015 წელს მოკლეს. თავდაპირველად, ანსარულლაჰის წევრები იყვნენ ისლამისტური ოპოზიციის წევრები, რომლებმაც უარი თქვეს მთავრობასთან 1997 წლის სამშვიდობო შეთანხმებაზე. შემდეგ მიიღეს ე.წ. ახალი თაობა, თავდაპირველ წევრთა შვილები და ნათესავები. დაარსების დღიდან, ანსარულლაჰს კავშირი ჰქონდა ავღანეთსა და პაკისტანში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებთან, როგორიცაა თალიბანი, ალ-კაიდა და უზბეკეთის ისლამური მოძრაობა.

ჯამაათ ანსარულლაჰის წევრები 2015 წლის ვიდეოჩანაწერიდან
Long War Journal-ის ჟურნალისტი

2019 წელს ავღანეთში აშშ-ს ძალებმა დააკავეს თაბაროვის ორი შვილი და ისინი ტაჯიკეთში დააბრუნეს. მათ კრიმინალური დაჯგუფების ჩამოყალიბებისთვის, მთავრობის გადატრიალების მცდელობისთვისა და არალეგალური იარაღის ფლობისთვის მრავალი წელი მიუსაჯეს. 

ტაჯიკური ცნობების მიხედვით ავღანეთში მოქმედი ტაჯიკ შეიარაღებულ პირთა ამჟამინდელი ლიდერი შარიფოვი, იგივე არსალონი, ანსარულლაჰს დაახლოებით 7 წლის წინ შეუერთდა. მისი მამა, მირხოჯა, როგორც ამბობენ, ტერორისტული ორგანიზაციის დამაარსებლის, თაბაროვის ახლობელი იყო. დუშანბეს მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, მირხოჯა და მისი უფროსი შვილი 2011 წელს ტაჯიკეთში, რეშთში სამხედრო დაჯგუფებების წინააღმდეგ მოწყობილი რეიდის დროს დახოცეს.

მას შემდეგ, რაც შარიფოვმა 2015 წელს სკოლა დაასრულა, საკუთარი სოფელი დატოვა და აღარავის უანახავს. მისმა დედამ, ზულქუდა იუნუსოვამ, რადიო თავისუფლებასთან თქვა, რომ ის 2015 წელს რუსეთში სამუშაოდ წავიდა. 6 თვის შემდეგ შარიფოვმა დედას უთხრა, რომ ის ტყეში იმუშავებდა, სადაც მობილურ ტელეფონს სიხშირეზე წვდომა არ ექნებოდა. 

რადიო თავისუფლების ცნობით, ისინი შარიფოვის მეგობარსაც ესაუბრნენ. მეგობარმა თქვა, რომ შარიფოვი მას არწმუნებდა შეერთებოდა ჯიჰადს ავღანეთში. მისი ნაამბობით, ის შარიფოვს რუსეთში მუშაობის დროს შეხვდა და მასთან კონტაქტი WhatsApp-ზე ჰქონდა, სანამ 2 თვის წინ დაასრულებდა.

"თავიდან ვუსმენდი. მეუბნებოდა, ავღანეთში ჯიჰადი არის და უნდა შეუერთდეო. ვუთხარი, რომ [ტაჯიკი შეიარაღებული პირები] არ იყვნენ მართლები და საკუთარ სიცოცხლეს ფუჭად ფლანგავდნენ სხვა ხალხის ინტერესებისთვის. ვიდავეთ და WhatsApp-ზე დამბლოკა". – ამბობს ანონიმურად რადიო თავისუფლებასთან  შარიფოვის ყოფილი მეგობარი.

კომენტარები