ავღანეთი

RFE/RL: ტაჯიკი თალიბები, შესაძლოა, ტაჯიკეთზე თავდასხმას გეგმავდნენ

ტაჯიკი თალიბები
Radio Free Europe/Radio Liberty

Radio Free Europe/Radio Liberty-ის ცნობით, ტაჯიკი თალიბები, შესაძლოა, ტაჯიკეთზე თავდასხმას გეგმავდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად RFE/RL-ს ტაჯიკურმა გამოცემამ, Радиои Озодӣ-იმ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.

ინფორმაცია, სავარაუდო თავდასხმის შესახებ, დაადასტურეს ტაჯიკეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმაც. ტაჯიკეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა RFE-ს დაუდასტურა, რომ ტაჯიკეთის მთავრობაში განიხილავენ შეტყობინებებს სავარაუდო თავდასხმასთან დაკავშირებით. 

თავდასხმის საფრთხის ქვეშ შესაძლოა ტაჯიკეთის მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქი გახდეს, რომელიც ავღანეთის ბადახშანის პროვინციას ესაზღვრება, სადაც ე.წ. ტაჯიკური თალიბანი აქტიურობს. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ უახლოეს მომავალში ავტონომიური ოლქის მონახულებას აპირებს ტაჯიკეთის პრეზიდენტი, ემომალი რაჰმონი.

"ჩვენამდე მოვიდა ეს ცნობები. მესაზღვრეები მზად არიან წინააღმდეგობა გაუწიონ მსგავს გეგმებს... ჩვენ მეორე მხრიდან საფრთხეს ვგრძნობთ და მზად ვართ მოვიგერიოთ ნებისმიერი თავდასხმა... თუმცა ეს მხოლოდ ჭორებია. მესაზღვრეებმა სახელმწიფო საზღვრის კონტროლი გააძლიერეს. მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქი ქვეყნის მეთაურის საქმიანი ვიზიტისთვის ემზადება. ადამიანებს არანაირი შიში არ აქვთ. ყველა თავისი ყოველღიური საქმითაა დაკავებული", – თქვა RFE-სთან ტაჯიკეთის ოფიციალურმა პირმა ანონიმურად.

ტაჯიკეთი ავღანეთთან 1 400-კილომეტრიან საზღვარს იზიარებს. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში, საზღვარზე საგანგებო ვითარება მას შემდეგაა გამოცხადებული, რაც თალიბანმა ზაფხულში დაწინაურება დაიწყო. კიდევ უფრო გაამკაცრეს კონტროლი ქაბულის დაცემის შემდეგ. ქაბულის დაცემამდე, ავღანეთის არმიისა და თალიბების შეტაკებების შემდეგ, იყო შემთხვევები, როცა ჯარისკაცები თავს ტაჯიკეთს აფარებდნენ. ავღანეთის საზღვართან ტაჯიკეთმა რუსეთთან ერთად წვრთნებიც ჩაატარა.

2020 წელს, დუშანბეს ყურადღება მიიქცია ე.წ. ტაჯიკური თალიბანის, ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფების, ანსარულლაჰის აქტიურობამ, რომლებიც, ცნობების მიხედვით, თალიბანთან თანამშრომლობდნენ. დაჯგუფებას უძღვება პირი, რომელიც თავს მაჰდი არსალონს უწოდებს. არსალონი 25 წლის მუჰამედ შარიფოვია. მას თალიბებმა ივლისში ავღანეთის ჩრდილოეთში 5 რეგიონი ჩააბარეს.

RFE-ს წყაროების ცნობით, ავღანეთის დედაქალაქის დაცემის შემდეგ შარიფოვი ქაბულში ჩავიდა, სავარაუდოდ თალიბანის ლიდერებთან შესახვედრად. ის ერთი კვირის წინ ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე ბადახშანის პროვინციაში დაბრუნდა, სადაც მას 5 რეგიონი ებარა. ამის შესახებ ინფორმაცია RFE-ს ადგილობრივებმა ანონიმურად მიაწოდეს.

RFE-ს ინფორმაცია ანონიმურად მიაწოდა ავღანეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების ყოფილმა თანამშრომელმაც, რომელიც ამბობს, რომ მისი ხალხი ავღანეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე ტაჯიკი და კავკასიელი თალიბების საიდუმლო შეკრების მომსწრე გახდნენ. 

"რაღაც პროვოკაცია აქვთ ჩაფიქრებული. მებრძოლები ადგილობრივებს ეკითხებოდნენ, იცოდნენ თუ არა ისეთი ადგილები, რომლებიდანაც ტაჯიკეთის ტერიტორიაზე წვალების გარეშე გადავიდოდნენ", – ამბობს ავღანეთის სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი.

22 სექტემბერს, ტაჯიკეთის მოსაზღვრე ბადახშანის პროვინციის ქალაქ ფაიზაბადში თალიბანმა ჩაატარა სამხედრო აღლუმი და აქ ლაშქარ-ე მანსურის მარტვილთა ბატალიონის შექმნა გამოაცხადეს. ავღანური მედიის მიხედვით, მათი მთავარი მიზანი თალიბანის მთავრობის ლიდერებისთვის შექმნილი საფრთხეების უვნებელყოფაა. ბატალიონი ძირითადად თვითმკვლელი ტერორისტების მიერაა დაკომპლექტებული. 

ამ ყველაფრის პარალელურად, ტაჯიკეთის პრეზიდენტი ხისტად აკრიტიკებს თალიბანს, განსაკუთრებით მათ ქმედებებს პანჯშირის რეგიონის აჯანყებულების წინააღმდეგ და აცხადებს, რომ თალიბანის მთავრობის აღიარებას არ აპირებს. 

ინფორმაცია ტაჯიკი თალიბების შესაძლო თავდასხმის შესახებ,  RFE-სთან უარყო თალიბანის სპიკერმა, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა და თქვა, რომ ისინი არ მისცემენ უცხოელებს მათი სახელით ქმედებისა და ავღანეთის ტერიტორიის სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ გამოყენების უფლებას. აღსანიშნავია, რომ მუჯაჰიდმა ივლისში RFE-სთან უარყო 5 რაიონის შარიფოვისთვის გადაცემის ცნობა და საკითხის გამოძიებას დაჰპირდა. 

RFE-სთან საუბრისას რეგიონის ექსპერტმა, ფარიდუნ ხოდიზოდამ, არ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ ანსარულლაჰის წევრებმა ტაჯიკეთში რაიმე სახის თავდასხმა თალიბანის ნებართვის გარეშე გადაწყვიტონ.

მთიანი ბადახშანის ადგილობრივი მთავრობის სპიკერის თქმით, შესაძლო თავდასხმაზე ბევრი ჭორი დადის, თუმცა მათ სერიოზულობაში ეჭვი ეპარება.


Radio Free Europe/Radio Liberty-ს ცნობით, როდესაც თალიბანმა ავღანეთის ჩრდილოეთით, ტაჯიკეთის საზღვართან მყოფი მნიშვნელოვანი გამშვები პუნქტი დაიკავა, მათ დროშის აღმართვა ტაჯიკური დაჯგუფების ლიდერს დაავალეს. 

როგორც რადიო თავისუფლებას მოწმეებმა აცნობეს, დაჯგუფების ლიდერი, რომელმაც დროშა აღმართა, თავს მაჰდი არსალონს უწოდებს და შემოკრებილი ჰყავს შეიარაღებული პირები ტაჯიკეთიდან. 

რადიო თავისუფლების წყაროებით, თალიბანმა არსალონსა და მის დაჯგუფებას ტაჯიკეთის საზღვართან დაკავებული ბადახშანის პროვინციის 5 რაიონი ჩააბარა. 

ავღანეთში არსალონსა და სხვა ტაჯიკ შეიარაღებულ პირებს "ტაჯიკურ თალიბანს" ეძახიან, თუმცა, რეალურად, ისინი ტაჯიკეთში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჯამაათ ანსარულლაჰის წევრები არიან.

ჯამაათ ანსარულლაჰი, ასევე ცნობილი, როგორც ანსარულლაჰი ან ანსორულო, ათიოდე წლის წინ დააარსა ოპოზიციონერმა ტაჯიკმა ყოფილმა გენერალმა, რომელსაც დუშანბეს მთავრობის გადატრიალება სურდა.

რადიო თავისუფლების ტაჯიკური წყაროების მიხედვით, მაჰდი არსალონის ნამდვილი სახელი არის მუჰამედ შარიფოვი. 25 წლის შარიფოვი ტაჯიკეთში, სოფელ შერბეგიონში დაიბადა. 

ტაჯიკეთის მაღალი რანკის მესაზღვრემ რადიო თავისუფლებასთან თქვა, 2 წლის წინ შეიტყვეს ინფორმაცია, რომ ავღანეთში ტაჯიკი მებრძოლების ჯგუფს შარიფოვი უძღვებოდა და ის თალიბანის მხარეს იბრძოდა. მათი რაოდენობა უცნობია. მესაზღვრემ ასევე დაამტკიცა, რომ ტაჯიკეთის მოსაზღვრე 5 რაიონს არსალონი ხელმძღვანელობს. ასევე, მისი თქმით, არსალონი თალიბანს 200 შეიარაღებული პირით ეხმარება და მათ ბადახშანის პროვინციაში მომხდარ შეტაკებებშიც მიიღეს მონაწილეობა. 

ავღანეთის მთავრობის ყურადღება ტაჯიკური ტერორისტული დაჯგუფების წევრებმა 2020 წლის ნოემბერში მიიქციეს, როდესაც სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ დაუნდობლად კლავენ ავღანეთის სამხედრო უნიფორმებში გამოწყობილ პირებს მეამბოხეები, რომელთაც გამოკვეთილი ტაჯიკური აქცენტი აქვთ. ტაჯიკეთის მთავრობამ ვიდეოდან 10 პირის იდენტიფიკაცია შეძლო, მათი თქმით, ერთ-ერთი შარიფოვი იყო.

ავღანეთის დარვაზის რაიონის გამგებელმა, ქადირ საფამ რადიო თავისუფლებასთან დაამტკიცა, რომ ანსარულლაჰის წევრები თალიბანის მხარდამხარ აქტიურად იბრძვიან. 

"ჩვენს ტერიტორიაზე რამდენიმე მათგანი მოვკალით და მათი იდენტობების გარკვევა შევძელით. მათ ცოლად ადგილობრივი ქალები ჰყავდათ შერთული". – ამბობს გამგებელი. ასევე, საფას თქმით, დაჯგუფება წევრების რეკრუტირებას ტაჯიკეთიდან ახდენს. "ზამთარში და გაზაფხულზე ტაჯიკეთიდან მრავალი ახალი მებრძოლი შემოვიდა" – თქვა საფამ.

ანსარულლაჰი 2010 წელს ამრიდინ თაბაროვმა დააარსა, რომელიც 1992-97 წლების ტაჯიკეთის სამოქალაქო ომის დროს, ანტისამთავრობო ისლამისტური ძალების გენერალი იყო. თაბაროვი, ასევე ცნობილი, როგორც მოლა ამრიდინი, ავღანეთის სამთავრობო ძალებმა 2015 წელს მოკლეს. თავდაპირველად, ანსარულლაჰის წევრები იყვნენ ისლამისტური ოპოზიციის წევრები, რომლებმაც უარი თქვეს მთავრობასთან 1997 წლის სამშვიდობო შეთანხმებაზე. შემდეგ მიიღეს ე.წ. ახალი თაობა, თავდაპირველ წევრთა შვილები და ნათესავები. დაარსების დღიდან, ანსარულლაჰს კავშირი ჰქონდა ავღანეთსა და პაკისტანში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებთან, როგორიცაა თალიბანი, ალ-კაიდა და უზბეკეთის ისლამური მოძრაობა.

2019 წელს ავღანეთში აშშ-ს ძალებმა დააკავეს თაბაროვის ორი შვილი და ისინი ტაჯიკეთში დააბრუნეს. მათ კრიმინალური დაჯგუფების ჩამოყალიბებისთვის, მთავრობის გადატრიალების მცდელობისთვისა და არალეგალური იარაღის ფლობისთვის მრავალი წელი მიუსაჯეს. 

თალიბანის რიგებში ტაჯიკი მებრძოლების გაწევრიანებას უარყოფს ავღანური დაჯგუფების სპიკერი, ზაბიდულაჰ მუჯაჰიდი. მისი თქმით, თალიბანს მეზობელ ტაჯიკეთთან კარგი დამოკიდებულების ქონა სურს და არ დაუშვებენ, რომელიმე ავღანეთში მოქმედმა დაჯგუფებამ იერიში მიიტანოს ჩრდილოეთით მყოფ, ცენტრალური აზიის მეზობელზე. მეტიც, მისი თქმით, თალიბანმა საკუთარ მებრძოლებს აუკრძალა ტაჯიკეთში გაქცეული ავღანელი სამხედროების მიმართ სროლა, რათა ტყვიები მეზობელ ქვეყანაში არ მოხვედრილიყო. 

თუმცა, საპირისპიროს ამბობენ მეზობლად მყოფი ტაჯიკური სოფლების მაცხოვრებლები. რადიო თავისუფლებას უყვებოდნენ, თუ როგორ მოფრინავდა ტყვიები საზღვრის მეორე მხრიდან, როდესაც ავღანელი სამხედროები თავს ტაჯიკეთს აფარებდნენ. 

თალიბანის სპიკერის პასუხი ავღანეთში მებრძოლი ტაჯიკეთის მოქალაქეების იდენტიფიცირების შესახებ ორაზროვანი იყო. "გამოსაკვლევია. გადავხედავთ. ჩვენ მხოლოდ ახლა დავიწყეთ ამ ტერიტორიების კონტროლი. არ დავუშვებთ, რომ უცხოელებმა ჩვენი სახელი გამოიყენონ. თუ მათ აღმოვაჩენთ, ჩვენი ქვეყნიდან გავაძევებთ". – თქვა ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა.

თალიბანის დაპირებების არ სჯერა ტაჯიკეთს. პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა საზღვარზე ძალების მობილიზაციის გაძლიერება ბრძანა და იქ 20 000 დამატებითი სამხედრო გადასხა. ასევე დაიწყეს სამხედრო ვარჯიშებიც, 230 000 სამხედროს მონაწილეობით. დუშანბეს მთავრობა დახმარებას რუსეთისგან ელის. 

"მართლაც, თალიბანის მხრიდან ტაჯიკეთის მიმართ მტრული ქმედებები აქამდე არ ყოფილა. თალიბანმა თქვა, რომ თავს არ დაგვესხმებოდნენ. მაგრამ ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით, რომ ანსარულლაჰი, რომელიც ახლა თალიბანს ემსახურება, საკუთარ პირობებსა და მიზნებს მრავალჯერ ცვლის. არავის შეუძლია იმის გარანტიის მოცემა, რომ მომავალში ანსარულლაჰი თალიბანს ზურგს არ აქცევს და ტაჯიკეთს არ დაესხმება თავს". – თქვა რადიო თავისუფლებასთან ტაჯიკეთის მთავრობის ანონიმურმა პირმა.

ტაჯიკური ცნობების მიხედვით ავღანეთში მოქმედი ტაჯიკ შეიარაღებულ პირთა ამჟამინდელი ლიდერი შარიფოვი, იგივე არსალონი, ანსარულლაჰს დაახლოებით 7 წლის წინ შეუერთდა. მისი მამა, მირხოჯა, როგორც ამბობენ, ტერორისტული ორგანიზაციის დამაარსებლის, თაბაროვის ახლობელი იყო. დუშანბეს მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, მირხოჯა და მისი უფროსი შვილი 2011 წელს ტაჯიკეთში, რეშთში სამხედრო დაჯგუფებების წინააღმდეგ მოწყობილი რეიდის დროს დახოცეს.

მას შემდეგ, რაც შარიფოვმა 2015 წელს სკოლა დაასრულა, საკუთარი სოფელი დატოვა და აღარავის უანახავს. მისმა დედამ, ზულქუდა იუნუსოვამ, რადიო თავისუფლებასთან თქვა, რომ ის 2015 წელს რუსეთში სამუშაოდ წავიდა. 6 თვის შემდეგ შარიფოვმა დედას უთხრა, რომ ის ტყეში იმუშავებდა, სადაც მობილურ ტელეფონს სიხშირეზე წვდომა არ ექნებოდა. 

რადიო თავისუფლების ცნობით, ისინი შარიფოვის მეგობარსაც ესაუბრნენ. მეგობარმა თქვა, რომ შარიფოვი მას არწმუნებდა შეერთებოდა ჯიჰადს ავღანეთში. მისი ნაამბობით, ის შარიფოვს რუსეთში მუშაობის დროს შეხვდა და მასთან კონტაქტი WhatsApp-ზე ჰქონდა, სანამ 2 თვის წინ დაასრულებდა.

"თავიდან ვუსმენდი. მეუბნებოდა, ავღანეთში ჯიჰადი არის და უნდა შეუერთდეო. ვუთხარი, რომ [ტაჯიკი შეიარაღებული პირები] არ იყვნენ მართლები და საკუთარ სიცოცხლეს ფუჭად ფლანგავდნენ სხვა ხალხის ინტერესებისთვის. ვიდავეთ და WhatsApp-ზე დამბლოკა". – ამბობს ანონიმურად რადიო თავისუფლებასთან  შარიფოვის ყოფილი მეგობარი.

კომენტარები