ჩოგბურთი

ნოვაკ ჯოკოვიჩი კოვიდის აცრის არგაკეთების გამო შესაძლოა Australian Open-ზე არ დაუშვან

ATP Tour

მოქმედი პირველი ჩოგანი Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრაზე უარს ამბობს. ავსტრალიის დღევანდელი კანონმდებლობა სპორტულ ღონისძიებაში მონაწილე პირების ვაქცინაციას ითხოვს. აქედან გამომდინარე სერბ ჩოგბურთელს შესაძლოა დიდი სლემის ტურნირის გამოტოვება მოუწიოს.

შესაძლო დისკვალიფიკაციაზე ავსტრალიის შტატ ვიქტორიის პრემიერმა დენ ენდრიუსმა ილაპარაკა:

"არავის იცავს ტიტულები, ერთადერთი ტიტული, რომელსაც დაცვა შეუძლია ვაქცინის ორი დოზაა". 

"ვაქცინაციის წინააღმდეგი საერთოდ არ ვარ. ვინ ვარ მე, რომ ათასობით სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანის აზრი გავაკრიტიკო. უბრალოდ მჯერა, რომ ვაქცინასაც აქვს გარკვეული უკუჩვენებები და წინააღმდეგი ვარ ვინმემ ჩემს სხეულში ნივთიერების შეყვანა მაიძულოს". – ასე ილაპარაკა ახლო წარსულში ჩოგბურთელმა ვაქცინაციაზე.

ჯოკოვიჩი ავსტრალიის სლემის მოქმედი ჩემპიონია, სულ ჩოგბურთელს 9 Australian Open-ის ტიტული აქვს მოპოვებული. ბოლოს სერბმა ვირტუოზმა US Open-ის ფინალში ითამაშა და რუს მეტოქესთან დანილ მედვედევთან დამარცხდა.

ავსტრალიაში კორონავირუსით სულ 111 000 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან გარდაიცვალა 1334. დაბალ მაჩვენებელს მთავრობის მიერ დაწესებულ მკაცრ რეგულაციებს მიაწერენ.

კომენტარები