ინფლაცია

სექტემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 12.3% შეადგინა

Reuters

საქსტატის მიხედვით, 2021 წლის სექტემბერში ქვეყანაში ფასები წლიურ ჭრილში 12.3%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 0.2%-ით. ფასების ზრდა სამომხმარებლო საქონლის ყველა ჯგუფს შეეხო, მათ შორისაა სურსათი, ჯანდაცვა, ტრანსპორტი, კომუნალური ტარიფები და სხვა.

წლის განმავლობაში სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები გაიზარდა 15.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.99 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (40.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (38.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (17.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (13.2 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (12.6 პროცენტი), თევზეული (11.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (7.1 პროცენტი).

საცხოვრებელის, წყლის, ელ.ენერგიის, აირის ჯგუფში 11.8 პროცენტიანი მატებაა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (14.6 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.1 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5 პროცენტი);

რაც შეეხება ჯანდაცვას, ჯამში 9.2 პროცენტით არის გაძვირებული. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (14.9 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (5.3 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (3.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

ფასები გაიზარდა სატრანსპორტო სექტორშიც, ჯამში 20.3 პროცენტით. უფრო ზუსტად, ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (29.3 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.6 პროცენტი).

 

კომენტარები