ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, თვითმმართველობის არჩევნების ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რასაც ოპოზიციის ლიდერები უნდა დაეყრდნონ, დიდ ქალაქებში ქართული ოცნების მიერ პოზიციების დაკარგვაა.
მისივე თქმით, არჩევნების მეორე ტურს, აქვს შანსი, "ეს რეჟიმი კიდევ უფრო მოარყიოს".
"ამ არჩევნების შედეგი ერთ-ერთი, რასაც უნდა დავეყრდნოთ, სხვა მხრივ არასასურველ ვითარებაში არის ურბანულ ცენტრებში ოცნების მიერ პოზიციების კიდევ უფრო დაკარგვა. მორყეული ჰქონდათ მათ, მაგრამ კიდევ უფრო დასუსტება. ზუგდიდში შესაძლოა, ქუთაისში, ბათუმში, მე არ მინდა ვინმე მოვატყუო, რომ კმაყოფილი ვარ ამითაც, მაგრამ ეს საყრდენია და თან, მოვალეები ვართ, რომ ეს ბრძოლა გავაგრძელოთ. ამას უნდა დავეყრდნოთ მეორე ტურებშიც.
საფრთხე არის დიდი. ეს კამპანია რაც მათ ჰქონდათ, რომ 43% ფეხებზე გვკიდია, იმიტომ ჰქონდათ სწორედ, რომ უიმედობა უნდოდათ დაენერგათ და ამ ნაწილში, ამ ამოცანას მიაღწიეს, ნაწილობრივ. მეორე ტურებს შეუძლია კიდევ უფრო მოარყიოს ეს რეჟიმი". - ამბობს ბოკერია.
გუშინ, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დათვლილი აქვს ხმების 99.97%, რის მიხედვითაც პროპორციულ ნაწილში პარტიული რეიტინგები შემდეგნაირად არის გადანაწილებული:
- ქართული ოცნება - 46.68%
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 30.7%
- გახარია- საქართველისთვის - 7.8%
- ლელო - 2.71%
- ევროპული საქართველო - 1.66%
- გირჩი-მეტი თავისუფლება - 1.44%
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში ხმების 100% დათვლილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, მმართველ გუნდს, ქართულ ოცნებას 40.3% აქვს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 27.97%, გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის კი – 8.85%.
არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021





