არჩევნები 2021

ზურაბიშვილი: არჩევნები მშვიდად და სამართლიანად ჩატარდა, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სამართლიანად და უსაფრთხო გარემოში ჩატარებულად შეაფასა. მისივე თქმით, პროცესმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა.

"არსებული რთული პოლიტიკური და პოლარიზებული წინასაარჩევნო გარემოს მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ, სამართლიან, უსაფრთხო გარემოში ჩატარდა, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე. ჩვენი ქვეყნისთვის ეს დღეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას და დატვირთვას იძენს, რამეთუ ჩვენკენ არის მომართული პარტნიორებისა და მეგობრების ყურადღება. ჩატარებული არჩევნები ბევრი რამის განმაპირობებელი და განმსაზღვრელი არის ხვალინდელი დღისთვის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მინდა ყველა მოქალაქეს ამისთვის მადლობა ვუთხრა - მნიშვნელოვანი იყო ამომრჩეველთა აქტივობა.

საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის დღევანდელ დღეს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიისკენ და სტაბილიზაციისკენ. ბევრი ძალები ამას ებრძოდნენ, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით", - ამბობს ის გავრცელებულ მიმართვაში.

მისივე თქმით, 2 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები გამორჩეული იყო პატარა პარტიების ჩართულობით, რაც კარგი არის პოლიტიკური გარემოს მრავალფეროვნებისთვის.

"ქართველმა ხალხმა გუშინ, არჩევნებში თავისი მონაწილეობით აჩვენა, რომ მისი არჩევანი არის მშვიდობა, სტაბილურობა და არა არეულობა, არა დაპირისპირება, არა ძალადობა და პოლარიზაცია. თუ რამე ცვლილებები საჭიროა, სწორედ ამისთვის არსებობს არჩევნების გზა. ამომრჩეველმა ეს ყველას ნათლად დაანახა. ეს არჩევნები ასევე გამორჩეული იყო პატარა პარტიების მონაწილეობის სიმრავლით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური გარემოს მრავალფეროვნებისთვის", - თქვა ზურაბიშვილმა.

გუშინ, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დათვლილი აქვს ხმების 99.97%, რის  მიხედვითაც პროპორციულ ნაწილში პარტიული რეიტინგები შემდეგნაირად არის გადანაწილებული:

  • ქართული ოცნება - 46.68%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 30.7%
  • გახარია- საქართველისთვის - 7.8%
  • ლელო -  2.71%
  • ევროპული საქართველო - 1.66%
  • გირჩი-მეტი თავისუფლება - 1.44%

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში ხმების 100% დათვლილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, მმართველ გუნდს, ქართულ ოცნებას 40.3% აქვს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 27.97%, გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის კი – 8.85%. 

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები