არჩევნები 2021

HRC: კენჭისყრის ბოლო საათებში უბნებზე ვითარება დაიძაბა, ჩრდილი მიადგა პროცესს

ტაბულა

"2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღის ბოლო საათებში რიგ საარჩევნო უბნებზე ვითარება დაიძაბა და დაფიქსირდა ინციდენტები, რითაც ჩრდილი მიადგა კენჭისყრის მშვიდ და სამართლიან გარემოში წარმართვის პროცესს". - არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, დარღვევების და საჩივრების ნახევარზე მეტი მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებულ საარჩევნო უბნებს ეხება. 

"ადამიანის უფლებათა ცენტრის პირველადი შეფასებით, საქართველოში ბოლო წლებში ჩატარებული არჩევნების მსგავსად, დამკვირვებელთა მიერ იდენტიფიცირებული დარღვევების დიდი ნაწილი გამოწვეულია საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა დაბალი კვალიფიკაციით. კომისიის წევრების და თავმჯდომარეების მიერ დაშვებულ ტექნიკური ხასიათის შეცდომებსა თუ დარღვევებზე დამკვირვებელთა სამართლიანი შენიშვნები და საჩივრები ხშირად იწვევს მათ გაღიზიანებას და ამის გამო საარჩევნო უბნებზე იქმნება დაძაბულობა, ზოგჯერ კი - კონფლიქტები". - წერია ორგანიზაციის განცხადებაში. 

HRC-ის შეფასებით, საარჩევნო უბნებთან უმეტესწილად ადგილი ჰქონდა ქართული ოცნების აგიტატორებისა და კოორდინატორების მობილიზებას და მათ მიერ ამმრჩეველთა აღრიცხვას. 

"ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლების ინფორმაციით, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ხშირად აქვს ადგილი უმეტესწილად მმართველის პარტიის - „ქართული ოცნების“ კოორდინატორებისა და აგიტატორების მობილიზებას და მათ მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვას. ისინი აღწერენ მოსულ ამომრჩევლებს, ნიშნავენ თავიანთ სიებში, ესაუბრებიან და ზოგჯერ ამ საუბარს აგიტაციის ფორმა აქვს. მსგავსი ფაქტები, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ხელს უშლის საარჩევნო პროცესში მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოვლენას". - წერს HRC. 


ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 5-დან 3 თვითმმართველ ქალაქში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ოპოზიციის მერობის კანდიდატები ლიდერობენ. ხუთივე თვითმმართველ ქალაქში კი მე-2 ტური დაინიშნება

კიდევ სად იქნება მეორე ტური?

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები