არჩევნები 2021

ცესკო: ქუთაისში წინასწარ შევსებული ოქმი განადგურდება, ცალსახად გადაცდომაა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის 124-ე საარჩევნო უბანზე ნაწილობრივ შევსებული საუბნო შემაჯამებელი ოქმი "ცალსახა გადაცდომაა" და საოლქო საარჩევნო კომისიას ექნება შესაბამისი რეაგირება.

"ოქმი განადგურდება და საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა ახალი შემაჯამებელი ოქმი.  საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს 124-ე საარჩევნო უბანში შემაჯამებელ ოქმზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიერ ხელმოწერების წინასწარ გაკეთების ფაქტზე. ხოლო საუბნო საარჩევნო კომისია ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ოქმს შეადგენს და მასზე ხელმოწერები გაკეთდება კანონით დადგენილი წესით.

საარჩევნო ადმინისტრაციას ყოველთვის ექნება შესაბამისი რეაგირება მსგავსი ტიპის გადაცდომებზე და მოვუწოდებთ ყველა დონის საარჩევნო კომისიას დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით გაწერილი ნორმები, რაც აუცილებელია კენჭისყრის პროცესის მაღალპროფესიულ დონეზე წარმართვისთვის" - აცხადებს ცესკო.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021.

კომენტარები