მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ომბუდსმენი: მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობას აცხადებს

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ცნობით, რომელმაც დაკავებული მესამე პრეზიდენტი პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს. ომბუდსმენის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი ასევე ითხოვს უკრაინის კონსულთან შეხვედრას. 

"მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას არ გაუწევია წინააღმდეგობა, შესაბამისად, დაკავებისას და არც მის შემდეგ ძალა გამოყენებული არ ყოფილა. აღნიშნავს, რომ მოპყრობა იყო დამაკმაყოფილებელი. ასევე ჯანმრთელობის მიმართებითაც განსაკუთრებული, აუცილებელი საჭიროება არ აქვს. აცხადებს შიმშილობას და ასევე როგორც უკრაინის მოქალაქე, ითხოვს უკრაინის კონსულთან შეხვედრას". – ამბობს ნინო ლომჯარია. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების ცნობით, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. 

მიხეილ სააკაშვილმა თავის მომხრეებს 3 ოქტომბერს თბილისში შეკრებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ის ერთ-ერთ კოლონაში იქნება. 

შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას. მისი ბრიფინგი 21:00 საათზეა ჩანიშნული

განცხადება არ გაუკეთებია არც ოფიციალურ კიევს, თუმცა, უკრაინის რეფორმების საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის, მარია ბარაბაშის თქმით, 3 დღის წინ მიხეილ სააკაშვილი ოფისის წამყვან მენეჯერებს დაემშვიდობა. ბარაბაშმა TV პალიტრას უთხრა, რომ სააკაშვილმა თანამშრომლებს საქართველოში გამგზავრების გადაწყვეტილება გააცნო.

კომენტარები