კეზერაშვილის საქმე

კუჭავა ფორმულაზე: ვიღაცისთვის წინასაარჩევნოდ კარგად ჟღერს, რომ მედიას ახშობენ, სპეკულაციაა

კახა კუჭავა
ტაბულა

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა თავდაცვის სამინისტროს მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ფორმულას დამფუძნებელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ეხმაურება. კუჭავა ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ "ვიღაცისთვის კარგად ჟღერს", რომ მედიას ახშობენ, თუმცა, მისივე მტკიცებით, ეს სპეკულაციაა. 

"ძალიან კარგია, რომ თავდაცვის სამინისტრომ განცხადება მალევე გააკეთა და ამით, ფატობრივად, სივრცე დახურა, რომ სპეკულაციები აღარ გაგრძელებულიყო, თითქოს რამე კავშირი აქვს ამას თავისუფალ მედიასთან. მე მესმის, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც წინასაარჩევნოდ შეიძლება იყოს კარგი საბაბი, ისაუბრო და გამოიყენო საშენოდ, ეს მოხდა, გამოყენებულ იქნა. თუმცა, ამავე დროს, იყო განცხადება, რომელმაც პირდაპირ ხაზი გაუსვა, რომ დეზინფორმაციაა, თითქოს რომელიმე ტელევიზიაზე იყო რამე კავშირი. 

შავი ფული სადაც არ უნდა ტრიალებდეს, ტელევიზია იქნება თუ სხვა, გამოსაძიებელია, ფაქტია. ამაზე საუბარი არ იყო მხოლოდ ახლა, ამაზე საუბარი მიდის დიდი ხანია, რამდენად არის თუ არ არის და, ზოგადად, თუ ეჭვი არსებობს, საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ. თავდაცვის სამინისტროს უნდა ჰკითხოთ, რატომ მაინცდამაინც ახლა და რაღაც პროცედურები რატომ დაიწყეს ასე, თუ ახლა დაიწყეს. [...] ის ფაქტი, რომ ეს, თითქოს გამოყენებული იქნა მედიის წინააღმდეგ, მესმის, ვიღაცისთვის კარგად ჟღერდეს, რომ წინასაარჩევნოდ მედიას ახშობენ და ხელს უშლიან მუშაობაში, თუმცა, ფაქტია, რომ ეს კავშირში არ იყო ამასთან და იყო სპეკულაცია". - ამბობს კუჭავა პალიტრანიუსთან ინტერვიუში.  

30 სექტემბერს, თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, "თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით".  

ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბარიძის თქმით, სასამართლოში შეტანილი სარჩელის მთავარი მიზეზი 27 სექტემბერს ტელეკომპანიის ეთერში ნაჩვენები Edison Research-ის კვლევაში ქართული ოცნების შედეგი იყო. კეზერაშვილი კი წერს, რომ ხელისუფლების განზრახვა ტელეკომპანია ფორმულას დახურვაა და თუ ფორმულას დახურავენ, "მაშინვე ახალი გაჩნდება, თავისუფალ სიტყვას ვერ მოერევით". 

საპასუხოდ, განცხადება გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომ. უწყება ამტკიცებს, რომ "არც კი დაუშვია იმის ალბათობა", რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოეთხოვა TV ფორმულას წილის დაყადაღება.


2021 წლის 7 სექტემბერს დავით კეზერაშვილს უზენაესმა სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ კეზერაშვილს თავდაპირველად 10 წელი მიუსაჯა და შემდეგ ეს სასჯელი ამნისტიით გაუნახევრდა. ეს საქმეზე პირველი გამამტყუნებელი განაჩენია. 

უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ 6 წლის წინ აღძრულ საქმეზე სასამართლო წარმოება 2021 წლის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე განაახლა. სასამართლომ განიხილა ე.წ წვრთნების საქმე, რომელზეც ორმა სასამართლო ინსტანციამ დავით კეზერაშვილი უკვე გაამართლა. 

ადვოკატის, გიორგი გელხაურის შეფასებით, არჩევნების წინ ძველი საქმის განხილვის გადაწყვეტილება ემსახურება მხოლოდ მედიაზე ზეწოლას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმის მოსამართლე, შალვა თადუმაძე 3 წლის წინ, ამ საქმის განხილვის დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცა და ბოლო გამამართლებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოაცხადა.

კომენტარები