ბელარუსი

ბელარუსში, КГБ-ს მიერ, აქტივისტის სახლის რეიდს 2 ადამიანი ემსხვერპლა [VIDEO]

ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს 

 ორშაბათს, 27 სექტემბერს, ბელარუსში, მინსკში КГБ-ს წევრები 31 წლის IT-ის სპეციალისტის, ანდრეი ზელცერის სახლში შეიჭრნენ და ორმხრივი სროლის შემდეგ მოკლეს. მოკვდა КГБ-ს ერთ-ერთი თანამშრომელიც, როგორც ბელარუსის მთავრობა იუწყება. 

ბელარუსის პროკურატურის თქმით, ზელცერი "ეჭვმიტანილი იყო ტერორიზმთან კავშირში მყოფი განსაკუთრებით საშიში დანაშაულების ჩადენაში". 

სახლში შეჭრისა და ორმხრივი სროლის ვიდეო გამოაქვეყნა სამთავრობო მედია Белта-მ. ვიდეოჩანაწერი დამუშავებულია, დაფარულია КГБ-ს თანამშრომლების სახეები, ასევე ვიდეო სხვადასხვა რაკურსებიდან. გაერთიანებულია  КГБ-ს აგენტების რაკურსით და ზელცერის, სავარაუდოდ, ლეპტოპით გადაღებული კადრები. 

ზელცერისა და მისი ცოლის სახლში, როგორც კადრებიდან ჩანს, მინიმუმ, 7 კაცი შეიჭრა. მათ კარი ჯერ უროთი დაამსხვრიეს, შემდეგ კი ხერხავდნენ. ზკადრებში ჩანს ზელცერი, რომელსაც იარაღი უჭირავს და მისი ცოლი, რომელიც მოვლენებს მობილურით იღებს. КГБ-ს თანამშრომლების შეჭრის შემდეგ, ზელცერმა ერთ-ერთი მათგანი დაჭრა, რომელიც, როგორც მთავრობა აცხადებს, ჭრილობების შედეგად მოკვდა. ამის გამო, ბელარუსის პროკურატურამ დაიწყო კიდევ ერთი საქმე, "პირის მკვლელობა სამსახურეობრივი მოვალეობის დროს". სპეციალური ძალების თანამშრომლების ქმედებებში ბელარუსის პროკურატურას დარღვევები არ დაუნახავს. ზელცერის 40 წლის ცოლი, მარია უსპენსკაია მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. 

სამთავრობო მედია Белта-ს ცნობით, КГБ-ს თანამშრომლებს ჰქონდათ სპეციალური დავალება – ტერორისტულ საქმიანობაში სავარაუდო  მონაწილეების მისამართების შემოწმება. არ გამორიცხავენ, რომ ტერორიზმში ბრალდებულებში მთავრობა ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს გულისხმობდეს. 

როგორც ზელცერის სოციალური ქსელებიდან ირკვევა, ის ბელარუსის მთავრობის საწინააღმდეგოდ იყო განწყობილი, აქტიურად მონაწილეობდა 2020 წლის საპროტესტო გამსვლებში და მანიფესტიც კი ჰქონდა დაწერილი. 

ზელცერის Instagram-ის ერთ-ერთ ანგარიშზე გამოქვეყნებულია იმ იარაღის ფოტო, რომელიც მას კადრებში უჭირავს. ეს სანადირო თოფი ИЖ-27 არის, რომლის შენახვისა და ასევე, ნადირობის უფლება ზელცერს ჰქონდა.

შეძლეს КГБ-ს დაჭრილი თანამშრომლის იდენტიფიცირებაც, რომელიც მთავრობის ცნობით მოკვდა. მას ვიდეოში თანამშრომლები დიმას და ნირვანას ეძახიან. რუსულ სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში გამოქვეყნდა შეიარაღებული პირის ფოტო, რომლის სახეც არ ჩანს, წარწერით: "ნირვანა 1990-2021".

სოციალურ ქსელ ტელეგრამში, BYPOL-ის გვერდზე, გამოქვეყნდა КГБ-ს მოკლული თანამშრომლის სავარაუდო ვინაობა. ინფორმაციის მიხედვით, ის ასევე 31 წლის იყო, სახელად დმიტრი ფედოსიუკი, КГБ-ს ალფა ჯგუფის წევრი. ჯგუფი ალფა 2020 წელს აქტიურად იღებდა მონაწილეობას მომიტინგეების დაუნდობლად დარბევაში.

ვიდეოჩანაწერის რეალურობაში ეჭვი ეპარება ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ ლეიტენანტ-პოლკოვნიკს, ალექსანდრ აზაროვს. სპეცსმასახურების გამოცდილების მქონე პირები ფიქრობენ, რომ შესაძლოა სამთავრობო ძალებმა ეს ვიდეო გადამეტებული ძალის გამოყენების შემდეგ დაამონტაჟეს. კითხვებს აჩენს ისეთი დეტალები, როგორიცაა მაგალითად ის, რომ არ ჩანს იმ ადამიანის სახე, ვინც ИЖ-27-დან ისვრის. ექსპერტებს უჩნდებათ კითხვები, თუ КГБ-ს თანამშრომლებს რატომ არ ეცვათ ოპერაციის შესაბამისი აღჭურვილობა.


2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციების ძალადობრივად ჩახშობის გამო ლუკაშენკოს რეჟიმს სხვადასხვა ქვეყანამ დაუწესა სანქციები.

ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები