არჩევნები 2021

ღარიბაშვილი სააკაშვილის ჩამოსვლაზე: ჯერ ბავშვი არ დაბადებულა და უკვე სახელს არქმევდნენო

ირაკლი ღარიბაშვილი

"კიდევ ერთხელ ვიტყვი ყველას გასაგონად, ჯერ ერთი, ბავშვი არ დაბადებულა და სახელს არქმევდნენო, თუ ჩამოდის ეს კაცი, ჩამოვიდეს,  თუ ჩამოვა, დავიჭერთ, ვინც ხელს შეუშლის, იმასაც დავიჭერთ". - ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე. 

პრემიერის თქმით, მთავრობას, სახელმწიფოს აქვს სრული მზაობა იმისთვის, რომ წესრიგი დაიცვას.

„არავითარი სამოქალაქო დაპირისპირება მე არ დამიანონსებია, სამოქალაქო დაპირისპირება დააანონსეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა, როდესაც თქვეს, რომ ისინი ხელს შეუშლიან თურმე სააკაშვილის დაკავებას. ეს ერთი. მეორე, მე ზოგადად ვთქვი, რომ ოპოზიციას არ ძალუძს საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებაც კი და პიკის დროს, როცა ყველაზე კულმინაციური მომენტი იყო ივლისში, მათ 5 ათასზე მეტი მხარდამჭერის მობილიზება ვერ შეძლეს. ამის საპასუხოდ ვთქვი, რომ ქართულ ოცნებას ზოგადად ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება შეგვიძლია 1 საათში და მინიმუმ, 100 ათასი ჩვენი მხარდამჭერის მშვიდობიანი დემონსტრაცია, შეგვიძლია, ნებისმიერ დროს განვახორციელოთ. მხოლოდ ეს ვთქვი. სააკაშვილს არ სჭირდება 100 ათასი კაცი. სააკაშვილს სჭირდება 10 პოლიციელი, გამოცდილი კაცი, რომელიც მას დააკავებს, თუ ჩამოვა. მთავრობას, სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, აქვს სრული მზაობა იმისთვის, რომ წესრიგი დაიცვას, რომ არ მოხდეს არავითარი კანონდარღვევა ან ხელშეშლა კანონის აღსრულებაში და ჩვენ ამ ყველაფერს მშვიდობიანად, კვალიფიციურად ჩავატარებთ. ჩვენ ჩავატარებთ მშვიდობიან არჩევნებს იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს გრძელვადიანი განვითარება". - ამბობს პრემიერმინისტრი. 

27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში ბრუნდება. სააკაშვილს ამომრჩევლისთვის ქვეყანაში ჩამოსვლის პირობა დღემდე მრავალჯერ აქვს მიცემული. 

28 სექტემბერს, პრემიერმინისტრმა თქვა, რომ "სააკაშვილს დახვდება მასზე გამწარებული 100 000-ობით ადამიანი".  

კომენტარები