ვის ვირჩევთ და სად ვირჩევთ

ვის ვირჩევთ და სად ვირჩევთ

2 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები 64 მუნიციპალიტეტის მერს და ამდენივე საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევენ - როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით. 

ყველაზე დიდი კონკურენცია თბილისშია - დედაქალაქის მერობის კანდიდატად 16 საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული. ასევე, თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატებად პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე რეგისტრირებულია – 1 731, ხოლო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე – 139 პირი. 

გარდა ამისა, ოთხი თვითმმართველი ქალაქის მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა 24 პირი, ხოლო 59 თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატად – 201. ასევე, თვითმმართველი თემებისა და თვითმმართველი ქალაქების 63 საკრებულოს წევრობის კანდიდატებად პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე რეგისტრირებულია – 19 096 პირი, ხოლო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე – 2 692 კანდიდატი. 

თბილისში ყველა მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის ნაწილს შეთანხმებული კანდიდატები ჰყავს წარდგენილი - ევროპული საქართველოს, დროას და გირჩი-მეტი თავისუფლების კანდიდატები. ასევე, თბილისის მერობის შეთანხმებული კანდიდატია ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია. ოპოზიციის ნაწილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატზეც შეთანხმდა - დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

რაც შეეხება რეგიონებს, ოლქების ნაწილში, ოპოზიციამ ან ღიად მხარი დაუჭირა ერთიან კანდიდატს ან უბრალოდ, კონკურენტი არ დააყენა. რამდენიმე ოლქში ოპოზიცია დამოუკიდებელ კანდიდატსაც უჭერს მხარს.

ქართულ ოცნებას ყველა ქალაქსა და თემში ჰყავს წარდგენილი მერობის კანდიდატი. აქედან 30-ზე მეტი მოქმედი მერი, საკრებულოს თავმჯდომარე ან მერის მოადგილეა. ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიიდან 40-ზე მეტ კანდიდატს სურს მერობა სხვადასხვა ქალაქსა თუ თემში, თავად გიორგი გახარია კენჭს თბილისის მერის პოსტზე იყრის.


თბილისის მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები

დედაქალაქის მერობა 16 კანდიდატს სურს. მმართველი გუნდის სახელით კენჭს კვლავ კახა კალაძე იყრის, ხოლო პოზიციის ნაწილის შეთანხმებული კანდიდატი ნიკა მელიაა. თბილისის მერობა ასევე სურს ყოფილ პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას (პარტია საქართველოსთვის), იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ანა დოლიძეს (ხალხისთვის), ანა ბიბილაშვილს (ლელო) და მიხეილ ქუმსიშვილს (ლეიბორისტული პარტია).

მათ გარდა, თბილისის მერობაზე კიდევ ათი კანდიდატია წარდგენილი - თამარ კეკენაძე (მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი), გიორგი ლომია (პატრიოტთა ალიანსი), გიორგი გაჩეჩილაძე (მწვანეთა პარტია), არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ (ჩვენი გაერთიანებული საქართველო), თეიმურაზ ბობოხიძე (მამული), ევგენი ღვინიაშვილი (მშრომელთა სოციალისტური პარტია), გიორგი ლაღიძე (მომავალი საქართველო), გიორგი ქუთათელაძე (საქართველო), ზაზა ხატიაშვილი (თავისუფალი საქართველო) და ქეთევან ნაკაშიძე (სოციალური სამართლიანობისათვის).

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს, დედაქალაქის მაჟორიტარულ ოლქებში საკუთარი კანდიდატი არ ჰყავს წარდგენილი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და მხარს ოპოზიციის ნაწილის (ევროპული საქართველო, დროა, გირჩი-მეტი თავისუფლება) საერთო, შეთანხმებულ კანდიდატს უჭერს მხარს. 

მთაწმინდა

  • ქართული ოცნების კანდიდატი ზურაბ აბაშიძეა, ხოლო ოპოზიციის ნაწილის შეთანხმებული, საერთო კანდიდატი თენგიზ კირთაძე (გირჩი-მეტი თავისუფლების წევრი). მთაწმინდაზე კენჭს იყრის კიდევ 14 კანდიდატი, მათ შორის, საბა ბუაძე ლელოდან, ვახტანგ გვაზავა გიორგი გახარიას პარტიიდან, გიორგი დვალაშვილი ლეიბორისტთა პარტიიდან, ირაკლი გოგუაძე (მესამე ძალა), ფატმან ბარჯაძე (მოქალაქეები).

ვაკე

  • ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი ტყემალაძეა, ოპოზიციის გაერთიანებული კანდიდატი კი -  ბათუ ქუთელია (დროა). კიდევ იყრის კენჭს 12 კანდიდატი - მათ შორის, მერაბ მაჭავარიანი (გახარიას პარტია), მედეა მეტრეველი (ლელო), ქეთევან გაზდელიანი (ლეიბორისტული პარტია), პაატა ჩიქოვანი (მესამე ძალა), ირმა ცხორაგაული (პატრიოტთა ალიანსი), თინათინ გუგუნავა (მოქალაქეები), ალექსანდრე რატიშვილი (ანა დოლიძის პარტიიდან).

საბურთალო

  • მმართველი ძალის კანდიდატი ავთანდილ ცინცაძეა, ხოლო ოპოზიციის ნაწილის შეთანხმებული - ბორის ყურუა (გირჩი-მეტი თავისუფლება). კიდევ 14 კანდიდატია, მათ შორის, სერგო ჩიხლაძე (მესამე ძალა), გიორგი რეხვიაშვილი (მოქალაქეები), მალხაზ თოფურია (პატრიოტთა ალიანსი), ვახტანგ გურგულაძე (ლელო), ია სირანაშვილი (ლეიბორისტული პარტია), მიხეილ ნაბიჯაშვილი (გიორგი გახარიას საქართველოსთვის), ვახტანგ ვატო შაქარაშვილი (საინიციატივო ჯგუფი).

კრწანისი

  • ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი თამაზ ახობაძეა (დროა), ხოლო ქართული ოცნების - ლევან ჯაფარიძე. კიდევ ათი კანდიდატია, მათ შორის, დავით ცეკვავა (მესამე ძალა), ნატო კირვალიძე (მოქალაქეები), დავით მელიქიძე (პატრიოტთა ალიანსი), თამაზ დათუნაშვილი (ლელო), მამუკა ჯუღელი (ლეიბორისტული პარტია), ზაურ რეხვიაშვილი (გახარია-საქართველოსთვის).

ისანი

  • ქართული ოცნების კანდიდატი კახაბერ ლაბუჩიძეა, ხოლო ოპოზიციის ნაწილის შეთანხმებილი კანდიდატი - ბესიკ დონაძე (ევროპული საქართველო). კიდევ ათი კანდიდატია, მათ შორის, სტრატეგია აღმაშენებელმა წარადგინა თეონა ჭალიძე, მოქალაქეებმა მიხელ აბრამიშვილი, პატრიოტთა ალიანსმა ნიკოლოზ კაჭკაჭური, ლელომ ლანა გალდავა, ლეიბორისტულმა პარტიამ თეკლე ალანია, გიორგი გახარიამ დავით გოგიძე.

სამგორი

  • ქართული ოცნების კანდიდატი რევაზ სოხაძეა, ოპოზიცის შეთანხმებული კი, დათო ჟღენტი. კიდევ 11 კანდიდატია, მათ შორის, ვახტანგ იაშვილი (მესამე ძალა), გიორგი გაბათაშვილი (პატრიოტთა ალიანსი), გულო ზუმბაძე (ლელო), კახაბერ ქემოკლიძე (საქართველოსთვის), ანა მიქაძე-ჩიკვაიძე (ანა დოლიძის პარტია), მარიამ გოცელაშვილი (ლეიბორისტული პარტია), მაკა ფრიდონაშვილი (მოქალაქეები).

ჩუღურეთი

  • მმართველი ძალის მაჟორიტარობის კანდიდატია ზურაბ ჩიკვილაძე, ოპოზიცის შეთანხმებული კანდიდატი კი - გიორგი ნონიაშვილი (ევროპული საქართველო). ოლქის მაჟორიტარობა კიდევ 13 კანდიდატს სურს, მათ შორის არიან, რუსუდან თევზაძე გახარიას პარტიიდან, მარიამ გურგენიძე (ლეიბორისტული პარტია), ავთანდილ ჩართოლანი (მესამე ძალა), კახაბერ ჟღენტი (ლელო), ნინო ჩარკვიანი (მოქალაქეები), გიორგი კარტოზია (პატრიოტთა ალიანსი).

დიდუბე

  • ქართული ოცნების კანდიდატი გივი ჩხარტიშვილია, ხოლო ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი ნიკა მოსიაშვილი (გირჩი-მეტი თავისუფლება). დიდუბის მაჟორიტარობა კიდევ 10 კანდიდატს უნდა, მათ შორის, დიმიტრი აბაშიძეს (ლელო), ოთარ ბაღათურიას (მესამე ძალა), გიორგი ქაჯაიას (გიორგი გახარიას საქართველოსთვის), ვლადიმერ მარტიაშვილს (ლეიბორისტული პარტია), შალვა კარელიძეს (მოქალაქეები), ირაკლი კობრავას (პატრიოტთა ალიანსი).

ნაძალადევი

  • ქართული ოცნების კანდიდატი ირაკლი ხელაძეა, ოპოზიციის ნაწილის შეთანხმებული კანდიდატი კი - ბადრი გრიგალაშვილი (გირჩი-მეტი თავისუფლება), ოლქში კიდევ 14 კანდიდატია, მათ შორის, ზაზა კორთხონჯია (მესამე ძალა), სულხან ნამჩევაძე (მოქალაქეები), გელა ხუციშვილი (პატრიოტთა ალიანსი), ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (ლელო), დავით გილაძე (ლეიბორისტული პარტია), გალაქტიონ ღუდუშაური (საქართველოსთვის).

გლდანი

  • ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი კონსტანტინე ზარნაძეა, ხოლო ოპოზიციის - ელენე ხოშტარია (დროა). გლდანის მაჟორიტარობისთვის კიდევ ათი კანდიდატი იბრძოლებს, მათ შორის, ნანა ტოხვაძე (სტრატეგია აღმაშენებელი), რომან მელქაძე (მოქალაქეები), იოსებ ზარიძე (პატრიოტთა ალიანსი), თამარ ადამია (ლელო), ტარიელ კალანდარიშვილი (ლეიბორისტული პარტია), ნათია მეზვრიშვილი (გიორგი გახარიას პარტია).

თვითმმართველი ქალაქები

  • რუსთავის მერობისთვის ქართული ოცნებიდან მოქმედი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე იბრძვის. მისი კონკურენტი ოპოზიციის ნაწილის შეთანხმებული კანდიდატი, პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით კირკიტაძეა. რუსთავის მერობა სურს ბექა ლილუაშვილსაც (პარტია გიორგი გახარია-საქართველოსთვის), ასევე, თორნიკე არევაძეს (პატრიოტთა ალიანსი), ელგუჯა ქოჩიაშვილს (თეთრები) და ვაჟა ბახტურიძეს (ევროპელი დემოკრატები).
  • ქუთაისის მერობის კანდიდატად მმართველმა გუნდმა მოქმედი მერი იოსებ ხახალეიშვილი წარადგინა. მას ოპოზიციის ნაწილის შეთანხმებული კანდიდატი, ენმ-ის ერთერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დაუპირისპირდება. მათ გარდა, ქუთაისის მერობა სურთ გიორგი გოგუაძეს პარტიიდან გიორგი გახარია-საქართველოსთვის, ანდრო ლოსაბერიძეს (მესამე ძალა) და ადვოკატ ირინა საღინაძეს (თავისუფალი საქართველო).
  • ფოთის მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძეა, ხოლო ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერილი კანდიდატი გიგი უგულავა. თბილისის ყოფილი მერი კენჭს ენმ-ის პარტიული ნომრით იყრის. აღსანიშნავია, რომ პარტია მის ადგილას თინა ბოკუჩავას წარდგენას აპირებდა. ფოთის მერობა სურს ასევე გიორგი აბსარიძეს პარტიიდან გახარია-საქართველოსთვის.
  • ბათუმის მერობა ათ კანდიდატს სურს. ქართულმა ოცნებამ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ ჩიქოვანი დაასახელა. მისი კონკურენტები არიან აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, გიორგი კირთაძე (ენმ), გიორგი ფუტკარაძე (გირჩი - მეტი თავისუფლება), ირაკლი მიქელაძე (გახარია-საქართველოსთვის), ბონდო გუგულაძე (პატრიოტთა ალიანსი), ანჟელიკა ზახაროვა (მშრომელთა სოციალისტური პარტია), ედნარ ბაგრატიონი (სახე+), რამაზ ადაძე (მწვანეთა პარტია). ყოფილი პოლიციელი გია ხალვაში და მომღერალი კახაბერ ცისკარიძე კი, საინიციატივო ჯგუფებმა დამოუკიდებელ კანდიდატებად წარადგინეს.

თვითმმართველი თემები

  • წალკის მერობა კიდევ ერთი ვადით სურს მოქმედ მერს, ილია საბანაძეს. ის უკვე მესამედ იყრის კენჭს. საბანაძის კონკურენტი ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი რუსლან ხუციშვილია. ასევე, მერობის კანდიდატები არიან ემზარ დიმიტრაძე (კანონი და სამართალი) და ოდისეი კესიდი - საინიციატივო ჯგუფი.
  • ლაგოდეხის მერობას კიდევ ერთი ვადით ცდის მოქმედი მერი, ჯონდო მდივნიშვილი. მისი კონკურენტი მალხაზ ნოზაძე იქნება (მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი).
  • მოქმედი მერი იბრძოლებს ბოლნისშიც - ქართული ოცნების კანდიდატი, დავით შერაზადაშვილი. მისი კონკურენტი მეღვინე ვახტანგ ჩაგელიშვილია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.
  • დედოფლისწყაროს მერობას მესამე ვადით შეეცდება მოქმედი მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი. მისი კონკურენტი თამაზ კოჭლამაზაშვილი იქნება (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა).
  • მოქმედი მერი წარადგინა ქართულმა ოცნებამ ჩხოროწყუს მერობის კანდიდატადაც - დათო გაგუა 2012 წლიდან ქალაქის მმართველის პოსტზეა. ჩხოროწყუს მერობა სურთ ბადრი ქარჩავას (ენმ) და შენგელი ჯიქიას (საქართველოსთვის).
  • ქედაში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი როლანდ ბერიძეა - ის ახლა მერის პირველი მოადგილის პოსტს იკავებს. მისი კონკურენტები არიან ქედას საკრებულოს წევრი რამინ ბერიძე (ენმ) და აჭარისწყლის ჰიდროელექტროსადგურის ყოფილი დირექტორი, ელგუჯა ნაკაშიძე (გახარია-საქართველოსთვის).
  • მმართველმა გუნდმა ქობულეთშიც მერის პირველი მოადგილე, ლევან ზოიძე წარადგინა კანდიდატად. მას ორი კონკურენტი ეყოლება - ბონდო თედორაძე (ენმ) და ირაკლი ბერიძე (გახარია-საქართველოსთვის).
  • შუახევში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ომარ ტაკიძეა - ის ახლაც მერის მოვალეობის შემსრულებელია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან მისი კონკურენტი როინ ზოიძეა, გიორგი გახარიას პარტიიდან შალვა გოგიტიძე, პატრიოტთა ალიანსიდან კი - გიორგი ტარიელაძე.
  • მარნეულში ქართული ოცნებიდან მერის მოადგილე, კენან ომაროვი იბრძოლებს. მისი კონკურენტები არიან მარნეულის საკრებულოს ყოფილი წევრი ელდარ მუსტაფაევი (ენმ) და იმავე საკრებულოს მოქმედი წევრი, აკმამედ იმამკულიევი (ევროპული საქართველო).
  • სიღნაღის მერობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან მოქმედი მერის მოადგილე, მალხაზ ბეგიაშვილია - ის საჯარო სამსახურში მუშაობს 1995 წლიდან. ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბეგიაშვილს ზაზა პაპუაშვილი დაუპირისპირდება. სიღნაღის მერობა კიდევ ერთ კანდიდატს სურს  - თავისუფალი საქართველოს წარდგენილ გია ხუხიაშვილს.
  • ყვარელში ქართული ოცნებიდან კენჭს მოქმედი მერის მოადგილე, გივი ზაუტაშვილი იყრის. მას დაუპირისპირდებიან ალექსანდრე მჭედლიშვილი (ენმ), გიორგი გიგილოშვილი (გახარია-საქართველოსთვის) და რევაზ ჩოხადარი (პატრიოტთა ალიანსი).
  • ხულოში მმართველი პარტიიდან კენჭს იყრის მოქმედი მერი ვახტანგ ბერიძე. მას დაუპირისპირდებიან გოგიტა სოლომონიძე (ენმ) და გია აბულაძე (გახარია-საქართველოსთვის).
  • ზუგდიდის მერობის კანდიდატი მმართველ პარტიიდან საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე მამუკა წოწერიაა. ზუგდიდის მერობისთვის ასევე იბრძვიან ანზორ მელია (ენმ), ზუგდიდის ყოფილი მერი გეგა შენგელია (გახარია-საქართველოსთვის) და ილია ჩაჩიბაია (პატრიოტთა ალიანსი).
  • ლანჩხუთის მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან მოქმედი მერი ალექსანდრე სარიშვილია. ოპოზიცია ლანჩხუთში დამოუკიდებელ კანდიდატს, უფლებადამცველ ლია მუხაშავრიას უჭერს მხარს (დავით ჭიჭინაძის ტრიბუნა). ლანჩხუთის მერობის მესამე კანდიდატი კი, ელგუჯა კალანდარიშვილია (გახარია-საქართველოსთვის).
  • ქართული ოცნების ბაღდათის მერობის კანდიდატი მოქმედი მერის მოადგილე კახა ენუქიძეა. მას დაუპირისპირდებიან გიორგი რობაქიძე (ენმ), ვლადიმერ ვარძიელი (გახარია-საქართველოსთვის) და ალექსანდრე დავითულიანი (საინიციატივო ჯგუფი).
  • ისევ მოქმედი მერი იყრის კენჭს ვანშიც - ალექსანდრე გოგორიშვილი ქართული ოცნების კანდიდატია. მისი კონკურენტია გამგეობის ყოფილი თანამშრომელი ბადრი მებურიშვილი (ენმ). 
  • სამტრედიაში მერობის კანდიდატი მოქმედი მერის მოადგილე დავით ბახტაძეა (ქართული ოცნება). ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან მას მამუკა ბიბილეიშვილი დაუპირისპირდება, ევროპული საქართველოდან ჟუკიანა ფოფხაძე, ხოლო ლელოდან - ბადრი კაპანაძე.
  • ხონის მერობაც მოქმედ მერს ლადო ჯურხაძეს სურს (ქართული ოცნება). მისი კონკურენტი ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატია, ევროპული საქართველოს წევრი, ზურაბ ჯიბუხია.
  • მოქმედი მერი გივი მოდებაძე წარადგინა მმართველმა პარტიამ ჭიათურაშიც. მას დამოუკიდებელი კანდიდატი ნოდარ ჩაჩანიძე დაუპირისპირდება (ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერით). ჭიათურის მერობა სურს გიორგი გახარიას გუნდის წევრსაც - უსუპ ბიწაძეს.
  • მესტიის მერობის კანდიდატიც მმართველი პარტიიდან მოქმედი მერი კაპიტონ ჟორჟოლიანია. ის ამ თანამდებობას 2012 წლიდან იკავებს. ჟორჟოლიანის კონკურენტი ლელოდან გიგი გულედანია - მას მხარს ოპოზიციური პარტიები დაუჭერენ. მესტიის მერობისთვის ასევე იბრძოლებენ მალხაზ უდესიანი (გახარია-საქართველოსთვის), ბექა დადეშქელიანი (ხალხისთვის) და გიორგი რატიანი (საინიციატივო ჯგუფი).
  • ხარაგაულის მერობის კანდიდატად ქართულმა ოცნებამ კვლავ მოქმედი მერი კობა ლურსმანაშვილი წარადგინა. მისი კონკურენტი ხარაგაულის საკრებულოს წევრი დავით მაღლაფერიძეა (ენმ). ხარაგაულის მერობისთვის ასევე იბრძოლებს კობა ლურსმანაშვილის ყოფილი მრჩეველი, გიორგი გახარიას პარტიის წევრი ვარლამ (ტატო) თავზარაშვილი. მერობის კანდიდატები არიან მიხეილ ჭიპაშვილი (ლელო) და ლია ფცქიალაძე (პატრიოტთა ალიანსი).
  • მმართველი პარტიიდან თერჯოლის მერობაც მოქმედ მერს, ლაშა გოგიაშვილს სურს. მას საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი ზურაბ ბუცხრიკიძე დაუპირისპირდება, რომელსაც მხარს ოპოზიციაც უჭერს.
  • საჩხერის მერობისთვის ქართული ოცნების სახელით საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე და ჭორვილის სკოლის ყოფილი დირექტორი, ლევან ივანაშვილი იბრძოლებს. მას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, ირინე გრძელიშვილი დაუპირისპირდება.
  • ასპინძის მერის კანდიდატად ქართულმა ოცნებამ მოქმედი მერი როსტომ მაგრაქველიძე წარადგინა, ხოლო ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - გიორგი გიორგაძე. 
  • კასპში მმართველი პარტიის სახელით მოქმედი მერი, ვახტანგ მაისურაძე იბრძოლებს. მერობა ასევე სურთ ნუგზარ ნონიაშვილს (ენმ), აკაკი (კახა) გეჯაძეს (ევროპული საქართველო), გიორგი ბესტავრიშვილს (გახარია-საქართველოსთვის), შოთა თხილიშვილს (საინიციატივო ჯგუფი).
  • ქარელში მმართველი პარტიის სახელით ამ არჩევნებშიც მოქმედი მერი, ზაზა გულიაშვილი იყრის კენჭს - უკვე მესამედ. მისი კონკურენტი ქარელის საკრებულოს წევრი, ნიკოლოზ ახალკაცი იქნება (ენმ). ასევე, ქარელის მერობა სურთ ვახტანგ გოგიჩაიშვილსაც (გახარია-საქართველოსთვის), გენადი ჩუტკერაშვილს (ლელო), ზვიად მექვაბიშვილს (თავისუფალი საქართველო).
  • ქართული ოცნების სახელით ბორჯომის მერობისთვის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე, ოთარ არბოლიშვილი იბრძოლებს. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კი, კანდიდატად გივი ჯოლბორდი წარადგინა. 
  • ქართული ოცნებიდან ნინოწმინდაშიც მოქმედი მერი ანივარდ მოსოიანი იყრის კენჭს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან მისი კონკურენტი ავაკ ბდოიანია, ხოლო საინიციატივო ჯგუფმა სურენ მოსოიანი წარადგინა.
  • ონში ქართული ოცნების სახელით კენჭს იყრის სერგო ხიდეშელი, მოქმედი მერის მოადგილე. მისი კონკურენტი ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ენმ-ს კანდიდატი ვაჟა ცეცაძე იქნება. ონის მერობა სურს იმედა მეშვილდიშვილსაც (გახარია-საქართველოსთვის).
  • დმანისის მერობის კანდიდატად ქართულმა ოცნებამ პოლიციის ყოფილი ჩინოსანი, კობა მურადაშვილი დაასახელა. მას ოპოზიციის მხარდაჭერილი კანდიდატი, მოქმედი მერი, გიორგი ტატუაშვილი დაუპირისპირდება.
  • თეთრიწყაროში მერობის კანდიდატად მმართველმა პარტიამ გიორგი წიკლაური დაასახელა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან მისი კონკურენტი ვანო მაღალაშვილია, ევროპული საქართველოდან კი - ნინო დავითაშვილი.
  • გურჯაანში მმართველმა პარტიამ მერობის კანდიდატად მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ზურაბ უტიაშვილი წარადგინა. მისი კონკურენტი ბიზნესმენი და პოეტი სერგი კაკალაშვილია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.
  • გარდაბნის მერად მმართველმა პარტიამ მერიის თანამშრომელი, დავით კარგარეთელი დაასახელა. მისი კონკურენტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბესიკ კახაბრიშვილია, გარდაბნის საკრებულოს წევრი.
  • თელავის მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან რუსთავის სამმართველოს უფროსის მოადგილე ლევან ანდრიაშვილია. მისი კონკურენტები არიან გიორგი ბოტკოველი (ენმ) და გიგა ორკოდაშვილი (გახარია-საქართველოსთვის).
  • ახმეტის მერობა მმართველი პარტიის სახელით ადგილობრივ ბიზნესმენს, ალექს ფიცხელაურს უნდა. მას დუშეთის საკრებულის ყოფილი წევრი, ზურაბ ოტიაშვილია (ენმ) დაუპირისპირდება. 
  • საგარეჯოს მერობა სულ სამ კანდიდატს სურს -  ქართული ოცნებიდან კენჭს იყრის ბიზნესმენი ავთანდილ გულიკაშვილი. ის იყო როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ისე ქართული ოცნების შემომწირველი. ავთანდილ გულიკაშვილს დავით ჯავახიშვილი (ენმ) და ეკატერინე ქვლივიძე (ლელო) დაუპირისპირდებიან.
  • თიანეთში ქართული ოცნებიდან კენჭს ლევან წიკლაური იყრის, მისი კონკურენტები არიან ილია არჩემაშვილი (ენმ), თამაზ იარაჯული (გახარია-საქართველოსთვის), თამაზ მეჭიაური (ერთიანი საქართველოსთვის). 
  • გარდაბანში მმართველი გუნდიდან დავით კარგარეთელი იყრის, ენმ-დან ოპოზიციის კანდიდატი ბესიკ კახაბრიშვილი იქნება, ხოლო პატრიოტთა ალიანსიდან - ალექსანდრე ვამლეტი. 
  • მცხეთაში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი და აჭარის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, დიმიტრი ზურაბიშვილია. მას ენმ-დან ყოფილი ტელეწამყვანი, ზაალ უდუმაშვილი დაუპირისპირდება. მცხეთის მერობა ასევე სურთ ანა ბუჩუკურს (გახარია-საქართველოსთვის), ნანა დევდარიანს (პატრიოტთა ალიანსი) და დენიზა სუმბაძეს (საქართველო).
  • დუშეთის მერად ქართული ოცნებიდან კენჭს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, მანანა ნარიმანიძე იყრის. მისი კონკურენტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლეონიდე კვირკვეიშვილია, ხოლო გიორგი გახარიას პარტიიდან - თენგიზ ჟამუტაშვილი.
  • ყაზბეგში ქართულმა ოცნებამ თავდაპირველად საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, შალვა ელოშვილი წარადგინა. რამდენიმე კვირაში ელოშვილმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა და ახლა ყაზბეგის მერობისთვის ბაკურ ავსაჯანიშვილი იბრძვის. მისი კონკურენტები არიან იმედა შიოლაშვილი (ენმ), გიორგი გომიაშვილი (გახარია-საქართველოსთვის), ვაჟა სეთურიძე (ლელო), მანუჩარ დვალიშვილი (მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის) და ხვიჩა წიკლაური (საინიციატივო ჯგუფი).
  • გორის მერობის კანდიდატად ქართულმა ოცნებამ ოლიმპიური ჩემპიონი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი წარადგინა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან მისი კონკურენტი ვასილ მახარაშვილი იქნება, ევროპული საქართველოდან ეთერ ჯალაღონია, გიორგი გახარიას პარტიიდან - კონსტანტინე ანანიაშვილი.
  • ხაშურის მერობისთვის ქართული ოცნების ახალი კადრი, ყოფილი პროკურორი თენგიზ ჩიტიაშვილი იბრძოლებს. მას იოსებ ბუაძე (ენმ), ზვიად ტეფნაძე (ხალხისთვის) და სამსონ ხითარიშვილი (საინიციატივო ჯგუფი) დაუპირისპირდებიან. ხაშურის მერობა ასევე სურდა ყოფილ დეპუტატს, ვალერი გელაშვილს - მან ქართული ოცნების სასარგებლოდ მოხსნა კანდიდატურა.
  • ახალციხის მერობისთვის მმართველი პარტიიდან სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ლაზარაშვილი იბრძოლებს. ახალციხის მერობა ასევე სურთ დავით ბალიაშვილს (ენმ), ზურაბ სადათიერაშვილს (ევროპული საქართველო), მანუჩარ ჩაჩანიძეს (ლელო), გიორგი არველაძეს (გახარია-საქართველოსთვის) და მიხეილ კეთილაძეს (თავისუფალი საქართველო).
  • ადიგენში ქართული ოცნების სახელით კენჭს იყრის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, გოჩა ქიმაძე. ოპოზიციიდან კი, მას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, მარეხ დათიაშვილი დაუპირისპირდება.
  • ახალქალაქის მერობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან ორი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი მელქონ მაკარიანია. ახალქალაქის მერობა ასევე სურთ მელიქ რაისიანს (ენმ) და არსენ კარაპეტიანს (ევროპული საქართველო).
  • ამბროლაურში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი თავდაპირველად ლაშა ჭიჭინაძე იყო, ახლა კი, ზვიად მხეიძეა. ამბროლაურის მერობა სურთ ასევე მაია კაციტაძეს ევროპული საქართველოდან, ელგუჯა გურგენიძეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და ფარნაოზ ბაკურაძეს პარტიიდან საქართველოსთვის.
  • ცაგერის მერობის კანდიდატად ქართულმა ოცნებამ ფეხბურთელი, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე წარადგინა. ცაგერის მერობისთვის ასევე იბრძვიან მადონა ბენდელიანი (ენმ) და ბესარიონ ბენდელიანი (გახარია-საქართველოსთვის).
  • ლენტეხში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი გიორგი ონიანია, ის ლენტეხის რაიონული სამმართველოს უფროსის პოსტს იკავებდა.  ლენტეხის მერობა სურს ასევე ჯამლათ გვიდიანს პარტიიდან საქართველოსთვის.
  • ზესტაფონის მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან კი, ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი, ვასილ გველესიანია. მისი კონკურენტები არიან იუსტიციის სამინისტროს დასავლეთის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი ბაქარ ხიჯაკაძე (ენმ) და სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, ლაშა ცხადაძე (გახარია-საქართველოსთვის).
  • ტყიბულის მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძოლებს - ქართული ოცნებიდან დავით ჩერქეზიშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბესიკ ზოსიაშვილი, გიორგი გახარიას გუნდიდან სანდრო სახვაძე, სტრატეგია აღმაშენებლიდან გიორგი ფორჩხიძე და თამაზ მეჭიაურის პარტიიდან -  გელა ჩივაძე.
  • წყალტუბოს მერობა ქართული ოცნებიდან წყალტუბოს გამგებლის ყოფილ მოადგილეს, გენადი ბალანჩივაძეს უნდა. მისი კონკურენტები იქნებიან ზაზა მეტრეველი (ენმ), რუსუდან სილაგაძე (გახარია-საქართველოსთვის და ზვიად ბაღდავაძე (მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი).
  • ოზურგეთის მერობისთვის კენჭს იყრის საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე. ოზურგეთის მერობის კანდიდატები ასევე არიან ირაკლი ღლონტი (ენმ), გივი ცეცხლაძე (გახარია-საქართველოსთვის), კონსტანტინე შარაშენიძე (საინიციატივო ჯგუფი).
  • ჩოხატაურში ქართული ოცნებიდან კენჭს იყრის საკრებულოს წევრი დავით შარაშ(ენ)იძე. ჩოხატაურის მერობა ასევე სურთ  ნონა სიხარულიძეს (ენმ), მალხაზ ჩხიკვაძეს (ლელო), პაატა ბერიშვილ (საქართველოსთვის).
  • აბაშაში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ყოფილი უფროსი გიგა გაბელაიაა, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან - ყოფილი დეპუტატი ნუგზარ წიკლაური. მერობა ასევე სურთ ვაჟა გაბელაიას (ლელო) და  ავთანდილ ბოკუჩავას (გახარია საქართველოსთვის).
  • სენაკის მერად კენჭს ოთხი კანდიდატი იყრის - ვახტანგ გადელია (ქართული ოცნება), კობა ნაყოფია (ენმ), გიორგი სიჭინავა (საქართველოსთვის), აპოლონ გარუჩავა (მესამე გზა).
  • მმართველი გუნდიდან მარტვილის მერობას მერიისავე თანამშრომელი, თორნიკე ჯანაშია შეეცდება. მისი კონკურენტები არიან თემურ ჯანაშია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და ლაშა ლეკიშვილი პარტიიდან საქართველოსთვის.
  • ხობში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი დავით ბუკიაა. მას ენმ-დან ბესიკ შენგელია დაუპირისპირდება, ევროპული საქართველოდან ლაშა ნიკოლაძე, ხოლო გიორგი გახარიას პარტიიდან -  ბადრი ჯობავა.
  • ქართული ოცნებიდან წალენჯიხის მერობის კანდიდატი დეპუტატი გოგა გულორდავაა, მას კონკურენციას უწევს გიორგი ხარჩილავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ხვიჩა მებონია პარტიიდან საქართველოსთვის და თამარ ბელქანია ლელოდან.
  • ხელვაჩაურის მერობა ქართული ოცნებიდან ზაზა დიასამიძეს სურს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან მიშა ბოლქვაძეს, გიორგი გახარიას პარტიიდან კი,  ხელვაჩაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ჯუმბერ ბერიძეს. 

63 თვითმმართველი ქალაქის/თემის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები

კომენტარები