ფარული მოსმენა

მეუფე ნიკოლოზი: მამა ილია ჭიღლაძის საკითხი წმინდა სინოდზე უკვე დაყენებულია

პალიტრანიუსი/კადრი ვიდეოდან

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი სუს-ის ფაილებთან დაკავშირებით "სრულ დუმილს აცხადებს". მისი თქმით, "ეს არის მომაკვდინებელი შხამი და დუმილი ამ ყველაფერს უშველის".

მიტროპოლიტი ამბობს, რომ მამა ილია ჭიღლაძეზე საკითხი სინოდზე უკვე დააყენეს და კომისია შეისწავლის. 

"ამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ბევრი ვიფიქრე და ამ ფიქრის შედეგად, ჩემი აზრია, რომ ეს არის შხამი, რომლითაც მოშხამეს მთელი ჩვენი ქვეყანა, ვინ გააკეთა, როგორ გააკეთა, ეს სხვა საკითხია. ნებისმიერ შხამს აქვს ანტიშხამი, ამ შხამის საწინააღმდეგო შხამი არის დუმილი, აბსოლუტური დუმილი ამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. მე არ ვიცი, ვინ რას იმუქრება, მაგრამ მთავარი მუქარა არის ის, რომ ეშმაკი გვემუქრება, რომ ეკლესიას დაანგრევს და მოსპობს. დაყენებულია უკვე მამა ილია ჭიღლაძის საკითხი წმინდა სინოდზე. იყო ამაზე ლაპარაკი, კომისიას უნდა შეესწავლა ეს საკითხი შემდეგი სინოდისთვის. ალბათ, კომისია მოგვახსენებს გადაწყვეტილებას". - ამბობს მიტროპოლიტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 

დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ FACEBOOK-ზე დაწერა, რომ გადადგომისთვის "ყველა მრუშ და მამათმავალ ეპისკოპოსს ორ დღეს აძლევს", შემდეგ კი მათ მხილება საპირებს. 


13 სექტემბერს გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

კომენტარები