ვაქცინაცია საქართველოში

სამინისტრო: მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% აცრილია

iStock

ბოლო მონაცემებით, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს

"როგორც მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, მათი მიზანია, ვაქცინაციის პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მთლიანად სასკოლო საზოგადოება, რაც სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში უსაფრთხოდ გაგრძელებას შეუწყობს ხელს.

ხაზგასასმელია, რომ მასწავლებელთა იმუნიზაციისთვის ბოლო თვეების განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და UNICEF-ის თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო კამპანია აქტიურ რეჟიმში იმართება. შედეგად, ბოლო ორ თვეში აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9%-დან 65%-მდე გაიზარდა და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება". - ვკითხულობთ განათლების სამინისტროს განცხადებაში.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა 4 ოქტომბრამდე დისტანციურად მიმდინარეობს.

დღეს, 25 სექტემბერს, Covid-19-ით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 34 331 ტესტი და დადასტურდა 1 597 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 1 189 პაციენტი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ოფიციალურად დაინფიცირდა   605 360 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 8 787 და გამოჯანმრთელდა 573 542 პირი. 


ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. 14 აგვისტოს გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ 13 სექტემბრიდან აღდგა. 

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები