არჩევნები 2021

წულუკიანი ბანერებზე: ეს ადამიანები წარსულს ვერ გაექცევიან, ვერც მათი შვილები გაექცევიან

ვიცე-პრემიერი და კულტურის მინსიტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ ვაქცინაციის ბანერების სიძულვილის გამაღვივებელი ბანერებით შეცვლაში "საძრახისს ვერაფერს ხედავს". 

მისივე თქმით, ეს ბანერები ემსახურება წარსულის მეხსიერების გაღრმავებას ემსახურება და არა სიძულვილის. წულუკიანი ამბობს, რომ სიძულვილს "დაქირავებული ჟურნალისტების პოლიტიკოსების სახლში შევარდნა" აღვივებს. 

"როდესაც ჩვენი ყოველდღიურობა არის სიძულვილის კასკადები, არც ჩემს მეუღლეს და არც ჩემს შვილს, არავითარი სურვილი არ აქვთ იყვნენ პოლიტიკაში. როდესაც მოხუცი მშობლების ბინაში იჭრები მოტყუებით, ეს არავის არ გაინტერესებთ და მხოლოდ ბანერი გაინტერესებთ. ამ ბანერში მე საძრახისს ვერაფერს ვხედავ". - ამბობს წულუკიანი რუსთავი 2-ის ეთერში. 

ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ ბანერები საზოგადოებსი დიდ ნაწილს არ მოსწონს, რადგან მას არასრულწლოვნებიც ხედავენ, წულუკიანი პასუხობს: 

"და რა არის ამ ბანერზე ამისთანა, უხამსობა, პორნოგრაფია? ერთმანეთის შვილები თუ უნდა დავიცვათ. ყველას ჰყავს შვილი ამიტომ, ერთმანეთის შვილები თუ უნდა დავიცვათ, უნდა მოვიქცეთ წესიერად. მაგრამ ეს ადამიანები საკუთარ თავს ვერ გაექცევიან და ვერც მათი შვილები ვერ გაექცევიან საკუთარ ამ წარსულს".- ამბობს წულუკიანი და აღნიშნავს, რომ კითხვა "მოგწონთ ბანერი"  არის "კეკლუცი კითხვა". 

ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის შემცირების ფონზე, ხელისუფლებამ აცრისკენ მოწოდების ბანერებს სიძულვილის გამაღვივებელი, პოლიტიკური შინაარსის ბანერები გადააკრა.

17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში ახალი ბანერები გამოჩნდა, წარწერით – "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს!". ბანერებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და კრიტიკული მედიების მენეჯერები არიან გამოსახული.

18 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა და დაგმო ვაქცინაციის მოწოდების ბანერების სიძულვილის ენის შემცველი ბანერებით ჩანაცვლება.

თბილისის მერი და ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე ამბობს, რომ მერიას რეაგირება არ ექნება, რადგან, "გამოხატვის უფლება ყველას აქვს". მისივე მტკიცებით, ბანერები არ მოსწონს და წინასაარჩევნო კამპანიის დროს სიძულვილის ენას არ იყენებს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა ძალადობის შემცველ ანონიმურად განთავსებულ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა. ორგანიზაცია ასევე გეგმავს, მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ბანერების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

 

კომენტარები