ნარკოტესტი

გახარია იმედის ჟურნალისტებს: შევდივარ თქვენს მდგომარეობაში

ტაბულა

"შევდივარ თქვენს მდგომარეობაში". - პარტია საქართველოსთვის თავდმჯომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია ტელეკომპანია იმედს მიმართავს.  

"მივმართავ ტელეკომპანია იმედის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, გავიგე, რომ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ და ამუშავებულ პროპაგანდისტულ კამპანიაში ტყუილებით ჩაერთეთ. აღარ ვსაუბრობ ცალმხრივ გაშუქებასა და იმაზე, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უარს ამბობთ ეთერში ჩემს მოწვევაზე, აქ უკვე ვსაუბრობ იმაზე, რომ გუშინ ავსტრიიდან ალაპარაკეთ ჟურნალისტს ის, რისი დამადასტურებელი ერთი ფაქტი, ერთი წინადადებაც კი, ვერ წარმოადგინეთ და პირდაპირ წამომიყენეთ ბრალდება. იქვე თქვით, რომ ძალიან გაინტერესებდათ, ამაზე რა პასუხს გაგცემდით.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, პატივი ვცეთ თქვენს მაყურებელს, ჩვენს მოქალაქეებს და მივცეთ შესაძლებლობა პირადად ჩემგან პირდაპირ ეთერში მოისმინონ ეს პასუხი. ამისთვის მზად ვარ, თქვენს არხზე დავჯდე პირდაპირ ეთერში, სადაც ექსკლუზიურად მოგიყვებით ნარკოტესტთან დაკავშირებით ოცნების მიერ დაგეგმილ სპეცოპერაციაზე და ასევე, ავსტრიაში ჩემი ერთდღიანი ვიზიტის შესახებ. აქვე, მინდა ვუთხრა ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტებს - გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას და შევდივარ თქვენს მდგომარეობაში. 

22 სექტემბერს იმედის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ჟურნალისტი ვენის კლინიკის ექიმს ეკითხება, ჩაიტარა თუ არა გიორგი გახარიამ ნარკოტესტი. 

კალაძის მოწოდების შემდეგ გახარიამ ნარკოტესტი ავსტრიაში ჩაიტარა, რადგან, მისი ინფორმაციით, საქართველოში ტესტთან დაკავშირებით პროვოკაცია მზადდებოდა. მოგვიანებით, გახარიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვენის ჰოსპიტალში ჩატარებული ექსპერტიზის კვლევის შედეგად მას არანაირი ნარკოტიკის მოხმარება არ დაუდასტურდა.   

"ბანკებით სირბილს ურჩევნია, კოკაინს შეეშვას". - ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გახარიას მიერ ავსტრიაში ნარკოტესტის ჩაბარებას. კობახიძე ასევე ამბობს, რომ გახარიას კოკაინის მოხმარების "პრობლემა ბოლო პერიოდში გაუჩნდა". თუმცა, თბილისის მერი, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ "არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია".

კომენტარები