ფარული მოსმენები

პატრიარქი, ზეთისხილის ხის ფუღურო, სკვნილი და ნაძვის ხის ვარსკვლავი

საქართველოს საპატრიარქოს შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ფაილების მიხედვით, 2019 წლის 27 დეკემბერს პატრიარქის დაცვის უფროსი, ვანო კობაიძე დაუკავშირდა თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსს, ვლადიმერ ჭიღლაძეს.

კობაიძემ ჭიღლაძეს აცნობა, რომ წინა დღეს, 26 დეკემებერს, კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ დაათვალიერა საახალწლოდ მორთული რესპუბლიკის მოედანი. დაცვის უფროსმა, სუს-ის ფაილების მიხედვით, მოყვა პატრიარქის მიცემული დავალებაც. მისი თქმით, ილია II-მ მას სკვნილი გადასცა და დაავალა, ის რუსთაველის გამზირზე მყოფი ზეთისხილის ხისთვის შეეწირა. დაცვის უფროსმა რელიგიური ნივთი ხის ფუღუროში დამალა. შემდეგში, მისივე თქმით, პატრიარქმა დაავალა დაკვირვებოდა შეწირულ სკვნილს, რომელიც ფუღუროში ღრმად ჩავარდა.

სუს-ის ფაილების მიხედვით, კობაიძემ ჭიღლაძეს სთხოვა, ეშუადმდგომლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, რათა ეშოვა "ზონდის" ტიპის გადასაღები აპარატურა, რომელსაც, მისი განმარტებით, სკვნილის დაკვირვებისთვის გამოიყენებდა. ასევე, კობაიძემ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსს უთხრა პატრიარქის სიტყვები, რომ უკეთესი იქნებოდა ნაძვის ხის მოსართავი ვარსკვლავი ჯვრის ფორმის ყოფილიყო.

სუს-ის ფაილებში წერია:

"პატრიარქის დაცვის უფროსმა ვანო კობაიძემ ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსს ვლადიმერ ჭიღლაძეს აცნობა, რომ 26 დეკემბერს, პატრიარქმა დაათვალიერა საახალწლოდ გაფორმებული რესპუბლიკის მოედანი, სადაც განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მთავარმა ნაძვის ხემ.

ვ.კობაიძის განმარტებით, საპატრიარქოში დაბრუნებისას უწმინდესმა ხელიდან მოიხსნა ფსკვნილი და მას (კობაიძეს) სთხოვა აღნიშნული ნივთი შეეწირა რუსთაველის გამზირზე (ყოფილის ფოსტის შენობის წინ) მდებარე ზეთისხილის ხისთვის, რის შემდეგაც ფსკვნილი მოათავსეს ხის ერთ-ერთ ფუღუროში, რადგან საზოგადოებისთვის ნაკლებად ყოფილიყო შესამჩნევი.

ვ.კობაიძის თქმით, საპატრიარქოში დაბრუნების შემდეგ, პატრიარქმა დაავალა განეხორცელებინათ შეწირული ფსკვნილის მდგომარეობის ვიდეო კამერით დაფიქსირება, თუმცა როდესაც იგი (კობაიძე) ადგილზე მივიდა ნახა სასწაული, კერძოდ ფსკვნილს ჰქონდა გაკეთებული დაახლოებით 1 მეტრის სიღრმის ფუღურო და შიგნით იყო ჩავარდნილი. მისივე თქმით, ხსენებული ფაქტის დასაფიქსირებლად სჭირდება ,,ზონდის'' ტიპის აპარატურა, რომლის მეშვეობით მოახდენს ფსკვნილის მდგომარეობის ვიდეოგადაღებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ.კობაიძემ ვ.ჭიღლაძეს სთხოვა ხსენებული აპარატურის მოძიებაში დახმარება და ამავე საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შუამდგომლობა.

საუბრის დასასრულს ვ.კობაიძემ აღნიშნა, რომ პატრიაქმა რესპუბლიკის მოედანზე დადგმული ნაძვის ხის ვარსკვლავთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება, თუ ვარსკვლავი ხუთქიმიანის ნაცვლად, იქნება 4 ქიმიანი ჯვრის ფორმის. თავის მხრივ, ვ.ჭიღლაძემ განმარტა, რომ მერიის სპეციალურ სამსახურებში ან სუს-ში შეეცდება მსგავსი აპარატურის მოძიებას, ხოლო რაც შეეხება ვარსკვლავის საკითხს, აღნიშნულს შეათანხმებს ქ.თბილისის მერ კახი კალაძესთან. ვარსკვლავის საკითხს, აღნიშნულს შეათანხმებს ქ.თბილისის მერ კახი კალაძესთან".


13 სექტემბერს გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

კომენტარები