არჩევნები 2021

სააკაშვილი: პლაკატის ავტორი ვიღაც გადამთიელია, ისრაელიდან ივანიშვილის მიერ ჩამოთრეული

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის ქუჩებში  სიძულვილის გამაღვივებელი, პოლიტიკური შინაარსის ბანერების გამოჩენას გამოეხმაურა და თქვა, რომ პლაკატის ავტორი  ისრაელიდან ივანიშვილის მიერ "ჩამოთრეული" ვინმე მოშე კლუგჰაფტია.

"მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ, როგორ შევარჩიო სიტყვები არ ვიცი, მაგრამ თქვენ იცით, რომ გამოფინეს ისევ პლაკატები. იქ მე ვარ ცენტრში და ამ პლაკატების ავტორი არის ვინმე მოშე კლუგჰაფტი, ვიღაც ავანტიურისტი, სრული ნაძირალა, გადამთიელი, ისრაელიდან ჩამოთრეული ივანიშვილის მიერ. როგორ ეზიზღებით ივანიშვილს და როგორი დაბალი წარმოდგენა აქვს ქართველი ხალხის ინტელექტზე, რომ ამ აბსოლუტურ ნაგავს აძლევს უამრავ ფულს და თვლის, რომ ეს ჩვეულებრივად დაგასიაფანდებთ.

არ გვეთაკილება, რომ ასეთი სიტუაციაა და ასე დაგვცინიან?! არ გიტყდებათ, პირდაპირ რომ გითხრათ, რომ ვიღაც მოშე კლუგჰატი, ისრაელიდან ჩამოთრეული ნაგავი, არის მთავარი გენერალი თქვენი ტვინების წინააღმდეგ ომის. აი ჩვეულებრივი ტერმინებით რომ ვთქვა, მაგრად "ტეხავს“  ძალიან ვწუხვარ, რომ ამ დონემდე მივედით ყველა ჩვენ. ეს საგიჟეთი უნდა დამთავრდეს, იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი და წერტილი". - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში ახალი ბანერები გამოჩნდა, წარწერით – "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს!". ბანერებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და კრიტიკული მედიების მენეჯერები არიან გამოსახული. ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის შემცირების ფონზე, ხელისუფლებამ სიძულვილის გამაღვივებელი, პოლიტიკური შინაარსის ბანერები აცრისკენ მოწოდების ბანერებს გადააკრა.

18 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა და დაგმო ვაქცინაციის მოწოდების ბანერების ჩანაცვლება.  20 სექტემბერს კი, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა კომპანია ალმას ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების დაბრუნების მოთხოვნით ოფიციალური წერილობით მიმართა.

თბილისის მერი და ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე ამბობს, რომ მერიას რეაგირება არ ექნება, რადგან, "გამოხატვის უფლება ყველას აქვს". მისივე მტკიცებით, ბანერები არ მოსწონს და წინასაარჩევნო კამპანიის დროს სიძულვილის ენას არ იყენებს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა ძალადობის შემცველ ანონიმურად განთავსებულ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა. ორგანიზაცია ასევე გეგმავს, მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ბანერების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ცესკოს საჩივრით მიმართა პოლიტიკურმა მოძრაობამაც - დროა.

კომენტარები