არჩევნები 2021

დეკანოიძე ბანერზე: ერთიან ოპოზიციას სარჩელი შეგვაქვს ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში

ქუთაისის მერობის კანდიდატმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში სარჩელი შეიტანა. 

"დღეს ერთიანი ოპოზიციის სახელით შეგვაქვს სარჩელი ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში, იმიტომ, რომ ქუთაისში ყოველდღე იმატებს ზიზღისა და აგრესიის შემცველი ბანერები - გუშინ ერთი დაამატეს. ხელისუფლება ამბობს, რომ არაფერ შუაში არიან და არაფერი იციან ბანერების შესახებ, მას შემდეგ, რაც აქტივისტებმა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ ზიზღის ბანერს გადააფარეს "მოდით რეფერენდუმზე" ბანერი, რომელიც სიმბოლური იყო, რამდენიმე წუთში საპატრულო ეკიპაჟისა და სამაშველო სამსახურის მიერ, მუნიციპალიტეტის ჩართულობით, ეს ბანერი ჩამოხსნეს, რაც სრულად ნიშნავს იმას, რომ ჩართულია სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი, მერიები ამ ზიზღის ბანერების განთავსებაში. 

ირღვევა ადამიანის უფლებები, ბავშვთა უფლებები, როცა ბავშვები ამ სისხლიან ბანერებს ხედავენ, ირღვევა საარჩევნო კოდექსი. ჩვენ ვიცით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამასთან დაკავშირებით გააკეთეს განცხადება და შეიტანეს საჩვარი, მაგრამ მე მინდა, რომ ფაქტის წინაშე დავაყენოთ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია". - ამბობს დეკანოიძე.

ხატია დეკანოიძის თქმით, ბანერებით საარჩევნო კოდექსის რამდენიმე მუხლი ირღვევა - ბანერზე განთავსებული უნდა იყოს საარჩევნო ნომერი, დამკვეთი არ უნდა იყოს ანონიმური, მასზე გამოშვების თარიღი უნდა იყოს დატანილი.

"ყველაფერი ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალებია, რომლებიც, რეალურად, გაწერილია, მათ შორის, იმ საარჩევნო კოდექსით, რომელიც ქართულმა ოცნებამ ძალიან კარგად იცის - თავს იწონებდა რამდენიმე კვირის წინ. ამიტომ, დაუშვებელია და მინდა მივმართო ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს - დაუშვებელია, საარჩევნო მოწოდება შეიცავდეს ზიზღის და ძალადობის პროპაგანდას, ეს წერია, ეს არ შეიძლება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული დარღვევა". - ამობს დეკაოიძე.

ხატია დეკანოიძე მოუწოდებს ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას, დაუყოვნებლივ განიხილოს სარჩელი და საზოგადოებას საჯაროდ შეატყობინოს თავისი პოზიცია. მისივე სიტყვებით, იმ შემთხვევაში, თუ ეს პოზიცია არ დაემთხვევა საარჩევნო კოდექსში გაწერილ მუხლებს და იმას, რომ ძალადობას არ შეიძლება შეიცავდეს საარჩევნო სააგიტაციო მასალა, მაშინ ჩათვლიან, რომ საოლქო საარჩევნო კომისია არის "ქართულ ოცნებასთან შეზრდილი დეპარტამენტი. 


17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში ახალი ბანერები გამოჩნდა, წარწერით – "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს!". ბანერებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და კრიტიკული მედიების მენეჯერები არიან გამოსახული. ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის შემცირების ფონზე, ხელისუფლებამ სიძულვილის გამაღვივებელი, პოლიტიკური შინაარსის ბანერები აცრისკენ მოწოდების ბანერებს გადააკრა.

18 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა და დაგმო ვაქცინაციის მოწოდების ბანერების ჩანაცვლება.  20 სექტემბერს კი, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა კომპანია ალმას ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების დაბრუნების მოთხოვნით ოფიციალური წერილობით მიმართა.

თბილისის მერი და ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე ამბობს, რომ მერიას რეაგირება არ ექნება, რადგან, "გამოხატვის უფლება ყველას აქვს". მისივე მტკიცებით, ბანერები არ მოსწონს და წინასაარჩევნო კამპანიის დროს სიძულვილის ენას არ იყენებს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა ძალადობის შემცველ ანონიმურად განთავსებულ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა. ორგანიზაცია ასევე გეგმავს, მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ბანერების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ცესკოს საჩივრით მიმართა პოლიტიკურმა მოძრაობამაც - დროა.

კომენტარები