ფარული მოსმენები

სანაია: სუს-ის ფაილებში აღმოვაჩინე ჩემი ძმის მკვლელობის საქმის "მოწმე", დღეს სუს-ის აგენტია

ფორმულა

ტელეკომპანია ფორმულას წამყვანი ვახო სანაია Facebook-ზე წერს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ მასალებში მისი ძმის, ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის მოწმე იპოვა, რომელიც დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს.

სანაია წერს, რომ გიორგი სანაიას მკლელობის საქმის გასაყალბებლად მთავრობა ცრუ მოწმეებს იყენებდა და სუს-ის ანაგრიშებში მის მიერ აღმოჩენილი პირი ერთ-ერთი ცრუ მოწმე იყო.

"სუსის ფაილებში მივაკვლიე ერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს.

მოგეხსენებათ, ჩემი ძმის, გიორგი სანაიას მკვლელობა მოხდა შევარდნაძის პერიოდში, როცა ყველა სტრუქტურა ჩვენს ოჯახს დაუპირისპირდა. თავიდანვე დაიწყო საქმის გაყალბება. ყველა მექანიზმი ჩართეს ფაბრიკაციისთვის. საქმე ყალბდებოდა პირველივე საათებიდან.

იმავე დღეებში გამოჩნდნენ ,"მოწმეები", რომლებიც გამოძიებას აძლევენ წინასწარ შეთანხმებულ ჩვენებებს. რეალურად ესენი იყვნენ ცრუ მოწმეები, რომელებიც შევარდნაძის ხელისუფლებამ საქმის გასაყალბებლად მოიყვანა. არადა ვითომ თავისით გამოჩნდნენ.

რა დავალებებსაც აძლევდნენ, ეს "მოწმეები" იმას იმეორებდნენ. როგორც ხელისუფლებას აწყობდა. ხან ერთს ათქმევინებდნენ, მერე სიტყვებს უკან წააღებინებდნენ, ჩაასწორებინებდნენ და ასე. ბოლოს თავადვე აიხლართნენ პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ხალხის პროტესტის ჩასახშობად ავრცელებდნენ ჭორებს და ამისთვისაც აღნიშნულ "მოწმეებს" იყენებდნენ. ვითომ შემთხვევითი პირები იყვნენ. ჩვენთვის თავიდანვე ცხადია იყო ყველაფერი და ამდენი წელია, ამაზე ვლაპარაკობთ დაუსრულებლად.

ახლა კი მთავარი !

ამ დღეებში სუს-ის ანგარიშებში აღმოვაჩინე ერთ-ერთი ასეთი "მოწმე". ეს პირი, რომლის ჩვენებებზე დაყრდნობითაც დაიწყეს გამოძიება და მისცეს მათთვის სასურველი მიმართულება, შევარდნაძის პერიოდშია გადაბირებული და არის სპეცსამსახურების აგენტი.

ახლა ხელში მიჭირავს დოკუმენტები, რომლის მიხედვით, ეს პირი დღეს არის სუს-ის აგენტი. ნერგავენ ხოლმე ამა თუ იმ ორგანიზაციაში და იქიდან აწვდის შიდა ინფორმაციას კურატორს. იყენებენ უბინძურესი საქმეებისთვის.

ყველაფერია ცნობილი მის შესახებ - რომელი ორგანიზაციების წინააღმდეგ მუშაობს სუს-ის სასარგებლოდ, ვინ გადაიბირა ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში, ვინ იყვნენ მისი უშუალო ხელმძღვანელები წლების განმავლობაში, რა დავალებებს აძლევენ, ვის და როდის ხვდება ინფორმაციის გადასაცემად.

ერთი სიტყვით, ბოლომდე გაშიფრულია და დოკუმენტები წინ მიდევს.

ყველას დრო დადგება ნელ-ნელა! - წერს ვახო სანაია.

13 სექტემბერს გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

კომენტარები