ცენტრ პოინტის საქმე

რჩეულიშვილი: უდიდეს ბოდიშს ვუხდი დაზარალებულებს დაგვიანებისთვის, ამისთვის ვიჯექი ციხეში

Interpressnews

"უდიდეს ბოდიშს ვუხდი ყველა დაზარალებულს დაგვიანებისთვის და ამ დაგვიანებისთვის ვიჯექი ციხეში". - ცენტრ პოინტის საქმეზე მსჯავრდებულმა მაია რჩეულიშვილმა, რომელმაც საპატიმრო დატოვა, ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ცენტრ პოინტის საქმე დასრულებულია და თბილისის მერიის ზედამხედველობით ადამიანებს ზარალი აუნაზღაურდებათ. 

"დარწმუნებული ვარ, მერიის ზედამხედველობის ფარგლებში ყველაფერი დასრულდება. 5 დიდი ობიექტია დასასრულებელი და დანარჩენი სარემონტო ობიექტებზე მიდის დამამთავრებელი სამუშაოები. მთავარია, რომ თვითონ ამ საქმის კურაცია აიღო მერიამ და მერია არის ზედამხედველი, რომელიც არის ამ საქმის დასრულების გარანტორი. ციხიდან ჩვეულებრივად ვმუშაობდი, როგორც ბიზნესმენი, ინვესტორებისთვის გადასაცემ დოკუმენტაციაზე. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს, საპროცესო გაფორმდა მიონის ობიექტზე. მიონის ობიექტის დასამთავრებელი სამუშაოები ახლა მიმდინარეობს. გრაფიკიც აქვთ მშენებლობის და აქედან გამომდინარე, ისინი ადევნებენ თვალყურს პროექტის დასრულებას". - ამბობს რჩეულიშვილი. 

მისივე თქმით, ის ბიზნესში დაბრუნებას არ აპირებს. 

"არა მგონია, ბიზნესში დაბრუნებას არ ვაპირებ. საქმიანობა, ალბათ, სხვაგვარ ფორმატში გაგრძელდება. ახლა ჩვეულებრივი, ყოველდღიური მუშა პროცესი დაიწყება, ჩვეული რუტინა. ეს დოკუმენტები ხომ ბოლომდეა მისაყვანი?!". - ამბობს რჩეულიშვილი. 

15 სექტემბერს, თბილისის მერმა კახა კალაძემ, ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კომპანიებთან, რომლებიც მისი თქმით, ცენტრ პოინტის დაუმთავრებელ მშენებლობებს დაასრულებენ. 

ბრალდება მაია რჩეულიშვილს 2017 წლის თებერვალში წარუდგინეს, გამოძიება მას, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებას ედავებოდა. 

ე.წ მიონის ეპიზოდის გარდა, რჩეულიშვილს ოთხი წელის ჰქონდა მისჯილი რუსუდან კერვალიშვილთან ერთად. მათ ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით ჰქონდათ წარდგენილი. 

2021 წლის 30 მარტს საპატიმრო დატოვა ცენტრ პოინტის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რუსუდან კერვალიშვილმაც, მან 4-წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა. 

კომპანია ცენტრ პოინტის საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს. გამოძიება მათ ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.

კომენტარები