ცენტრ პოინტ ჯგუფის საქმე

4 წლის შემდეგ რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დატოვა

რადიო ფორტუნა

ცენტრ პოინტის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რუსუდან კერვალიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დღეს, 30 მარტს დატოვა. კერვალიშვილმა 4-წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა. 

"მე ჩემი გული დავტოვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იმიტომ, რომ იქ იყო ჩემი და, მაია რჩეულიშვილი ჯერჯერობით კიდევ პატიმრობაშია. პირველი ემოცია, რა თქმა უნდა, თავისუფლების ფასი არაფერი არ არის. აქ თავისუფლებას ვგრძნობდი ჩიტების ფრენით, იმიტომ, რომ აქ არის ძალიან ბევრი ჩიტი და ყველაზე მეტად, თავისუფლებას იგრძნობ, როდესაც აი, ხედავ, რა ბედნიერებაა, როდესაც ადამიანს აქვს თავისუფლების შეგრძნება. 

ერთი სინანული მაქვს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ძალიან გვენდნენ ჩვენ, წლების განმავლობაში დაზარალდნენ ჩვენთან ერთად. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ მოხერხდა, რომ პრობლემა დასრულდეს, მიუხედავად იმისა, რომ 5 წელია, მაია აქ არის და მე 4 წელია. მაგრამ ახლა, როგორც იმედი მოგვეცა ჩვენ, რომ იწყება მშენებლობა, იწყება ერთ თვეში, მერიასთან ერთად და ჩვენი ამოცანა ერთია, ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს და შევიდნენ თავიანთ ბინაში. მარტო ამის შემდეგ ვიქნებით მართლა თავისუფლები და მართლა ბედნიერები". – თქვა რუსუდან კერვალიშვილმა თავის პირველ კომენტარში საპატიმროს დატოვების შემდეგ.

კერვალიშვილი სასამართლომ 2017 წლის 31 მარტს დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით ჰქონდა წარდგენილი.

კომპანია ცენტრ პოინტის საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს. გამოძიება კერვალიშვილს ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.

კომენტარები