ფარული მოსმენები

სუს-ის ჩეთი: გოგაშვილს წაღებული აქვს ის ვიდეოები, ჩვენ რომ ვეღარ ვნახულობთ

სოსო გოგაშვილი

რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებული მასალებიდან ერთ-ერთში, კერძოდ, სუს-ის რამდენიმე თანამშრომლის მიმოწერაში საუბარია, რომ სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს წაღებული აქვს გარკვეული ვიდეოჩანაწერები, რომელთა შინაარსიც საუბრიდან არ ირკვევა. 

უსაფრთხოების ერთ-ერთი თანამშრომელი მიმოწერაში გზავნის ტვ პირველის ჟურნალისტ ნოდარ მელაძესთან სოსო გოგაშვილის ინტერვიუს ანონსის ვიდეოს ბმულს, რაზეც ერთ-ერთი კოლეგა პასუხობს: "ამას წაღებული აქვს ვიდეოები რასაც ჩვენ ვეღარ ვნახულობთ". 

ასევე, ამავე მიმოწერაში, ის, ვინც ინტერვიუს ანონსის ბმული თანამშრომლებს აჩვენა, ამბობს, რომ მას ეს ბმული "ჯაღმომ", სავარაუდოდ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გაუგზავნა. 

მომდევნო დღეს, როგორც ჩანს ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ, პირი, რომელმაც თანამშრომლებს ანონსის ბმული ჩაუგდო, დანარჩენებს ავალებს, გააკეთონ სოსო გოგაშვილის ინტერვიუს ანალიზი. ის თანამშრომლებს სთხოვს, სად ილაპარაკა ყოფილმა მაღალჩინოსანმა სიმართლე და სად ტყუილი და გაამჟღავნა თუ არა საიდუმლო ინფორმაცია. ის შემდეგ ამატებს, რომ ეს მინისტრის ბრძანებაა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ფარული ჩანაწერების გავრცელებას გამოეხმაურა და დაწერა, რომ სისტემაში მუშაობის პერიოდში დარწმუნდა, რომ ბოლშევიკური მეთოდები კვლავ მოქმედებს, რაც ქვეყნისთვის საზიანოა.

ამასთან ერთად გოგაშვილი წერს, რომ მას საკმარისი ინფორმაცია აქვს, იმისათვის, რომ 90% ალბათობით იცოდეს, საიდან მოდის ეს ჩანაწერები, თუმცა ჯერ-ჯერობით ვინაობას არ ასახელებს.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ტელეკომპანია პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში ყვებოდა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძესა და პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს, სოსო ოხანაშვილს ილია მეორის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი "სამიზნედ ჰყავდათ".   

სოსო გოგაშვილის ვერსიით, მათ შორენა თეთრუაშვილის ციხეში გაშვება "პატრიარქის მკვლელის იარლიყით" სურდათ, ამისთვის კი, მისივე თქმით, პატრიარქისთვის განკუთვნილ საჭმელზე, რომელიც მისთვის თეთრუაშვილს უნდა შეეტანა, ციანიდის მოყრა გადაწყვიტეს.

"შორენა თეთრუაშვილი მათ სამიზნედ ჰყავდათ და არა მარტო შორენა თეთრუაშვილი - მეუფეები, ქორეპისკოპოსები, რომლებიც მათ უშლიდნენ ხელს. მათ ჰქონდათ ძალიან დიდი გავლენა საპატრიარქოში. შემდეგ ამ ჯგუფმა მოქმედებები დაიწყო შორენას და მეუფეების წინააღმდეგ. მათ ჰქონდათ შექმნილი მითები, თითქოს შორენა იდგა რაღაც პედესტალზე და მითითებებს აძლევდა მეუფეებს -  ასე არ არის". - ყვებოდა გოგაშვილი. 

სოსო გოგაშვილის თქმით, ინფორმაცია ამის შესახებ სუს-ისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი. მისივე თქმით, მამალაძემ "მსგავსი სპეცოპერაციის ჩატარება" პირველად 2016 წელს, მოსკოვში სცადა.

"როდესაც პატრიარქი მოსკოვში მიბრძანდებოდა, იქაური პატრიარქის მიწვევით - 2016 წლის შემოდგომა იყო, თუ არ ვცდები. მაშინ ბათუმში უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი იყო ჩამოსული, რომელსაც მამალაძე შეხვდა და განცალკევებით მოიხელთა - დაუწყო ლაპარაკი, რომ სჭირდებოდა ისეთი კატეგორიის ადამიანებთან კონტაქტი, რომლებიც რუსეთში ერთი ქალბატონის განეიტრალებაში დაეხმარებოდნენ. ამ განეიტრალებაში რას გულისხმობდა, არ ვიცით. მას [ბიზნესმენს] შეეშინდა, იფიქრა, რომ მომიგზავნეს და საქმეს მიკერავენო და მეორე დღესვე გაფრინდა რუსეთში.

ეს ციანიდი, რომელიც მამალაძემ შეიძინა, თუ საზღვარზე გაივლიდა და ის არ შეატყობინებდა პროკურატურას, ეს საქმე არ იქნებოდა აღძრული, ჩაიტანდა ამ ციანიდს, მოუყრიდა საჭმელზე, რომელიც შორენას უნდა შეეტანა პატრიარქისთვის. ეს ხდებოდა ჰელიოსის კლინიკაში. შეტანის მომენტში მას ეცემოდნენ ხელებში კამერების თანდასწრებით და ეტყოდნენ, რა მიგაქვსო? ეს ეტყოდა, რომ საჭმელი შეჰქონდა პატრიარქთან. 

დაიდგმებოდა სცენები, გამოიძახებდნენ დაცვას, ეტყოდნენ, რა განზრახვა ჰქონდა ამ ადამიანს. მოვიდოდა ბერლინის პოლიცია, ჩაერთვებოდა საგარეო საქმეთა სამინისტრო და საზღვრებს გარეთ, ევროპულ ქვეყანაში დააკავებდნენ "პატრიარქის მკვლელ" შორენა თეთრუაშვილს. შორენა თეთრუაშვილი წავიდოდა ციხეში პატრიარქის მკვლელის იარლიყით, ისინი გახდებოდნენ გმირები, რომ პატრიარქი გადაარჩინეს  - გმირები ჩამოდიან, პატრიარქი დაიცვეს, მოაშორეს მეუფეების მბრძანებელი შორენა თეთრუაშვილი და თვითონ ჩამოდიოდნენ ძალიან ძლიერები". - ყვებოდა სოსო გოგაშვილი საკუთარ ვერსიას ციანიდის საქმეზე.

როგორც სოსო გოგაშვილი იხსენებს, მანამდე მას პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსი, სოსო ოხანაშვილი შეხვდა და უთხრა, რომ პატრიარქოს მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი ტერორისტებს იფარავდა და ის უნდა დაეკავებინათ. გოგაშვილი ამბობს, რომ ოხანაშვილს აუხსნა, თეთრუაშვილის წინააღმდეგ "საქმის შეკერვა" არ შეიძლებოდა ის უდანაშაულო იყო.

"მითხრა ასეთი რაღაც - მაქვს ინფორმაცია, რომ შორენა იფარავდა ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს, ჩვენ უნდა აღგვეძრა საქმე და პასუხისმგებლობაში მიგვეცა შორენა თეთრუაშვილი. ამას დაჟინებით ითხოვდა. მე მას ავუხსენი, რომ ასეთი მარტივი არ არის..." - ამბობდა გოგაშვილი. 

სოსო გოგაშვილის თქმით, საქმე ეხებოდათ ეთნიკურად ქართველებს, რომლებიც ერთ-ერთი ტერორისტული ორგანიზაციის წევრები იყვნენ. მისივე თქმით, ამ ორმა ადამიანმა, გვარად ზორლუჯანმა და ნაზლიგულმა, ქვეყანა დატოვა და აქ თავშესაფრის მიღებას ცდილობდნენ.

"თურქეთში უკვე წარმოება მიდიოდა ამ ორგანიზაციაზე და მის წევრებზე. საზღვარი ოფიციალურად ჰქონდათ გადმოკვეთილი და რადგან თურქეთმა ნახა, რომ საქართველოში იყვნენ, პროკურატურას გადმოუგზავნეს ოფიციალური მოთხოვნა ექსტრადირებასთან დაკავშრებით. პროკურატურა დღე-დღეზე ამზადებდა მათ გადაცემას და კონტროლის ქვეშ იყვნენ". - ამბობდა გოგაშვილი. 

სოსო გოგაშვილის ინფორმაციით, ზორლუჯანი და ნაზლიგული საპატრიარქოს ბალანსზე არსებულ სახლში ცხოვრობდნენ. თუმცა, მისივე თქმით, მათ შესახებ ინფორმაცია შორენა თეთრუაშვილს ვერ ექნებოდა.

"შორენას სთხოვეს, რომ ცოტა ხნით გაჩერდებიანო.  არავინ არ იცოდა, არც პროკურატურამ იმ დროისთვის, თორემ საზღვარზე გვეყოლებოდა დაკავებული. რაღაც პერიოდის შემდეგ დოკუმენტაცია მიიღო პროკურატურამ, უკვე ცხოვრობდნენ ამ სახლში. მოიძიეს, ნახეს საცხოვრებელი, დაადგინეს და გადასაცემად ამზადებდნენ. საპატრიარქოს კუთვნილ სახლში ცხოვრობდნენ იქამდე, სანამ გაიგებდნენ... ეს იყო ერთ-ერთი ბინა ვაკეში. 

მე მას ავუხსენი, რომ არ შეიძლება, შევკეროთ საქმე პატრიარქის მდივან-რეფერენტზე და დავიჭიროთ, მაშინ, როდესაც ის არის უდანაშაულო, როდესაც არანაირი ინფორმაცია არ შეიძლებოდა, ჰქონოდათ". - უყვებოდა გოგაშვილი ტელეკომპანია პირველს.

კომენტარები