ფარული მოსმენა

გოგაშვილი: სისტემაში ყოფნისას დავრწმუნდი, რომ საშიში ბოლშევიკური მეთოდები ისევ მოქმედებს

სოსო გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ფარული ჩანაწერების გავრცელებას გამოხმაურა და დაწერა, რომ სისტემაში მუშაობის პერიოდში დარწმუნდა, რომ ბოლშევიკური მეთოდები კვლავ მოქმედებს, რაც ქვეყნისთვის საზიანოა.

ამასთან ერთად გოგაშვილი წერს, რომ მას საკმარისი ინფორმაცია აქვს, იმისათვის, რომ 90% ალბათობით იცოდეს, საიდან მოდის ეს ჩანაწერები, თუმცა ჯერ-ჯერობით ვინაობას არ ასახელებს.

"მინდა გამოვეხმაური სუსიდან გამოტანილი საინფორმაციო ბაზის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს. პირველი,რაც მინდა დავაფიქსირო არის ის,რომ მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებებს. ეს ის შემთხვევაა,როდესაც “ორგანიზატორმა” უგულვებელყო სახელმწიფო ინტერესები, ეკლესიის და უწმინდესის ავტორიტეტი. თავის მიზანს, გაანადგუროს ის და ამავდროულად დაშალოს ოცნება, გადააყოლა ყველა მთავარი ეროვნული ღირებულებები.

მე პირადად ვიყავი ამ სისტემის ნაწილი 2013 წლიდან. რიგითი არა და იცით ეს ყველამ. ბუნებრივია ვიცი მეთოდები, ბერკეტები, მოტივაცია და მიზნები ამ სისტემის მუშაობისა. ბუნებრივია საზოგადოებისა და მედიის კითხვები კონკრეტული (ყოფილი, თუ ახლანდელი) მაღალჩინოსნების, მიმართ. ამ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარ პოზიციას მოგახსენებთ. მერწმუნეთ ამ კითხვებზე პასუხების გაცემა ყველაზე მეტად ჩემს ინტერესებშია.

თუმცა იმასაც ნათლად ვაანალიზებთ, რომ ახლა, ამ ხელისუფლების პირობებში სიმართლის დადგენა გაჭირდება. მე ჯერ კიდევ სისტემაში ყოფნისას, რამდენიმე წლის წინ, დავრწმუნდი, რომ საშიში ბოლშევიკური სისტემის მეთოდები კვლავ მოქმედებს და ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საზიანოა, ამიტომ ეს მახინჯი სისტემა უნდა დაინგრეს! ყველა მოქმედი, თუ მომავალში შექმნილი პოლიტიკური ორგანიზაცია და მთელი სამოქალაქო საზოგადოება დაცული უნდა იყოს ამ ბოროტების ტყვეობისგან.

მაგრამ სისტემის დანგრევას არ უნდა შესწირო შენი ქვეყანა. მე ვიმეორებ ვიწყებ, ამ მახინჯი კედლის დაშლას, მაგრამ ამ შემთხვევაში ნაბან წყალს ბავშვი არ გადაყვება. დასანგრევი დაინგრევა და ჭუჭყი ჩაირეცხება. მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი გზა! უნდა მოხდეს ბოროტების მანქანის დემონტაჟი და არა სტიქიური მსხვრევა, რაც საქართველოს მტრებს მეტად გააძლიერებს. მე მტკიცედ ვდგავარ ამ გზაზე და ნურავინ ეცდება გამაჩეროს და გადამეღობოს. მე გამაჩერებთ? ჩემი შვილები, ჩემი ოჯახი, ჩემი ნამდვილი მეგობრები გააკეთებენ ამას.

”კუდი გამოგიჩნდათ პატივცემულო”…

მე ვმუშაობ, რომ მეტი ინფორმაცია მოვიპოვო იმის დასადასტურებლად, თუ ვინ განახორციელა ეს ტერორისტული აქტი, დიახ ეს არის უდიდესი მაშტაბის ტერორისტული აქტი, რომელიც მიმართულია მთელი საზოგადოების წინააღმდეგ. ჩემთვის პირადად საკმარისი ინფორმაცია მაქვს რომ 90% ალბათობით ვიცოდე საიდან მოდის ეს, მაგრამ დრო მჭირდება და ავწევ ვერსიის რეალობის დონეს. რაც შეეხება სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში მავანთა მიერ გაჟღერებულ სისულელეებს, რომლის საშუალებითაც სასურველი მიმართულებით ისრების გადატანას ცდილობენ. ეს უსუსური და სასაცილო მეთოდები გაცვდა და მოეშვით. ქვეყანა თავზე დაგექცათ და შეჩერდით.

P.S მინდა თხოვნით მივმართო ყველა მედია საშუალებას: ნამდვილად დასაფასებელია თქვენი პოზიცია, რომ ერიდებით მოპოვებული მასალის უკონტროლოდ გავრცელებას. ბუნებრივია უნდა გააშუქოთ ინფორმაცია და ნაწილი შესაძლოა გაასაჯაროვოთ, მაგრამ ძალიან სიფრთხილით მოეკიდეთ ამ ამბავს. მაქსიმალური მოქალაქეობრივი და მორალური პასუხისმგებლობა გამოიჩინეთ ყველამ. შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოყვეს და ამით ვერავინ ვერ იხეირებს, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტრები. ეს ჩვენი ყველას ქვეყანაა და ნუ დავანგრევინებთ მავანს". - წერს სოსო გოგაშვილი.

საუბარია 13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტებზე, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

კომენტარები