დაძაბულობა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის

ჩრდილოეთ კორეის შემდეგ ბალისტიკური რაკეტები სამხრეთ კორეამაც გამოცადა

Reuters

სამხრეთ კორეამ 15 სექტემბერს წყალქვეშა ნავიდან გასაშვები ბალისტიკური რაკეტები (SLBM) გამოცადა. იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ბირთვული იარაღი არ აქვთ, სამხრეთ კორეა პირველია, რომელმაც ამ ტიპის სარაკეტო სისტემა აქვს.  სამხრეთ კორეის მიზანია, უფრო დაცული იყოს ჩრდილოეთ კორეისგან შესაძლო საფრთხისგან.

ამავე დღეს ბალისტიკური რაკეტები გამოცადა ჩრდილოეთ კორეამაც. რითიც გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციები დაარღვია. რამდენიმე დღით ადრე კი ჩრდილოეთ კორეამ საკრუიზო რაკეტები გამოცადა.

სამხრეთ კორეის მიერ SLMB-ს გამოცდას პრეზიდენტი მუნ ჯე ინი ესწრებოდა.

ამ ტიპის სარაკეტო სისტემას აშშ, რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩრდილოეთ კორეა და ინდოეთი ფლობს. წყალქვეშა ნავიდან გასაშვები ბალისტიკური რაკეტების ძირითადი მიზანი ბირთვული იარაღის გადატანაა.

სამხრეთ კორეის ოფიციალური პირების თანახმად, ბოლო წლებში ჩრდილოეთ კორეამაც შეიმუშავა SLMB სისტემა და მუშაობს მათი გაშვებისთვის შესაბამისი წყალქვეშა ნავის აგებაზე.

"SLMB-ს ფლობას დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა საფრთხეების შეკავებისთვის და ველით, რომ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს კორეის ნახევარკუნძულზე თავდაცვის შესაძლებლობების და მშვიდობის მშენებლობისთვის" - ნათქვამია პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში. 

ოფიციალურ პირებს არ დაუზუსტებიათ SLBM-ის მახასიათებლები, თუმცა კორეული მედიის Yonhap-ის თანახმად, რაკეტების კოდური სახელწოდებაა Hyunmoo 4-4 და ისინი Hyunmoo-2B ბალისტიკური რაკეტის ვარიანტის წარმოადგენენ. Hyunmoo-2B რაკეტას 500 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო და სამხედრო ძალები უარს ამბობდნენ, ახალი რაკეტების პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტებაზე, რის მიზეზადაც უსაფრთხოების ზომებს ასახელებდნენ.

სამხრეთ კორეის სამხედრო ძალებმა სხვა ტიპის ახალი რაკეტებიც შეიმუშავეს, მათ შორის ზებგერითი საკრუიზო რაკეტები, რომლებსაც უახლოეს მომავალში გამოცდიან და ასევე ახალი ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც პრეზიდენტის ოფისის თანახმად, "საპასუხო თავდასხმის ძლიერი შესაძლებლობები" აქვს.​

კომენტარები