ფარული მოსმენები

GMC: 2015-21 წლებში სუს-ს 800 მლნ გადავუხადეთ, აქედან 559 მლნ ხელფასებში დაიხარჯა

ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორის (GMC) ინფორმაციით, 2015-2021 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 800 მლნ-ით დაფინანსდა - თანხიდან 559 მლნ ხელფასებზე დაიხარჯა. 

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2015 წელს შეიქმნა "საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფის" მისიით. სახელმწიფო უსაფრთხოების კანონის თანახმად, სუსი "დამოუკიდებელი, დეპოლიტიზებული და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხის მქონე" უნდა ყოფილიყო.

2015 წლიდან სუს-ის უფროსის თანამდებობას ვახტანგ გომელაური იკავებდა, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის დაცვას ხელმძღვანელობდა. სუს-ის ამჟამინდელი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, 2004-2016 წლებში ბიძინა ივანიშვილის კერძო კომპანიებში, შპს ბურჯში და ქართუ-ჯგუფში მუშაობდა". - წერს GMC.

ფლანგვის დეტექტორის შეფასებით, კერძო პოლიტიკური მიზნებისთვის მოქალაქეთა უკანონო მიყურადება უმძიმესად ლახავს ადამიანის უფლებებს და სახელმწიფოში მასობრივი კონტროლისა დამყარებას ემსახურება.

"მიუხედავად სუს-ის თანამშრომელთა უცვლელი რაოდენობისა, უწყების დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება: 2015 წელს 37 მილიონი ლარით დაფინანსდა, 2021 წელს კი უკვე 137 მილიონი ლარით". - წერს ფლანგვის დეტექტორი.  

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა

კომენტარები