ფარული მოსმენა

სუს-ის ფაილები: აიისას საქმის განხილვისას კობახიძე ეკლესიას იურიდიულ კონსულტაციას უწევდა

მანანა კობახიძე
საკონსტიტუციო სასამართლო

სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული დოკუმენტების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზერვატივების ბრენდ აიისას საქმის არსებითი განხილვის დაწყების შემდეგ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძეს საქმის დეტალებზე სასაუბროდ დაურეკა. 

მანანა კობახიძე იმ კოლეგიის წევრი იყო, რომელიც სასამართლოში აიისას საქმეს განიხილავდა. 

დოკუმენტების მიხედვით, სატელეფონო კომუნიკაციისას პროტოპრესვიტერმა ზვიადაძემ მოსამართლე კობახიძისთვის ცხადი გახადა, რომ საპატრიარქო პროცესს ახლოდან აკვირდება. ამავდროულად, მან მოსამართლეს რჩევა ჰკითხა, როგორ დაეცვა ეკლესიას საკუთარი პოზიცია. მოსამართლე მანანა კობახიძემ საპატრიარქოს გავლენიან წარმომადგენელს იურიდიული კონსულტაცია გაუწია.

"მ. კობახიძის განცხადებით, პიროვნულად იზიარებს ეკლესიის პოზიციას, თუმცა, ეთიკის ნორმიდან გამომდინარე საჯაროდ ამაზე ვერ ისაუბრებს. Მოსამართლის თქმით, მოცემულ მომენტში სასამართლომ უნდა შეაფასოს რამდენად ჯდება ანი (ანანია) გაჩეჩილაძის ქმედება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და განიხილოს ამ უკანასკნელის წარმოდგენილი სარჩელი, რითაც ითხოვს ზნეობის სახელით დაკისრებული 500-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას. 

მ.კობახიძემ გ.ზვიადაძეს განუცხადა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16 პრიმა მუხლის მიხედვით ე.წ. სასამართლო მეგობრის სტატუსით, საპატრიარქოს ან არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც საქმის განხილვისას არ წარმოადგენს მხარეს, შეუძლია წერილობით მიმართ სასამართლოს და დააფიქსიროს საკუთარი აზრი, რომელიც სასამართლოს დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში.

პროტოპრესვიტერმა მ.კობახიძეს კონსულტაციისთვის გადაუხადა მადლობა“. – წერია ერთ-ერთ დოკუმენტში. 

ამ დოკუმენტს Facebook-ზე გამოეხმაურა სასამართლოში აიისა-ს წარმომადგენელი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე და პასუხად საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლი დააციტირა, რომლის მიხედვითაც, "მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით".

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორის, კონსტიტუციონალისტ დავით ზედელაშვილის შეფასებით, დადასტურების შემთხვევაში გავრცელებული საუბრის შინაარსი მოსამართლე მანანა კობახიძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს. 

დავით ზედელაშვილის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე უნდა ხელმძღვანელობდეს მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისად. 

"დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის, სამართლის უზენაესობისა და კონსტიტუციის სხვა ღირებულებებისადმი ერთგულების სტანდარტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის შემთხვევაში განსაკუთრებით მაღალია.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ამ ღირებულებისადმი ერთგულების სამაგალითო შემთხვევა უნდა იყოს და ყველა მოსამართლისა და საჯარო თანამდებობის პირისთვის სანიმუშო. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მიერ იმ საქმეზე, რომელსაც განიხილავს, საქმის შედეგით დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია საკონსტიტუციო მოსამართლის ვალდებულების მძიმე დარღვევა, პრაქტიკულად ამ ვალდებულების შესრულებაზე სრულად უარის თქმაა". – ამბობს დავით ზედელაშვილი. 

კონსტიტუციონალისტის თქმით, ამ შეფასებას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ მოსამართლე განსახილველ საქმეზე პირად მოსაზრებას გამოხატავს დაინტერესებულ პირთან, რომელიც წარმოადგენს ავტორიტეტულ სოციალურ ინსტიტუციას და რომელიც საუბრის შინაარსიდან გამომდინარე პირდაპირ ცდილობს მოსამართლეზე ზეგავლენის მოხდენას ამ კონკრეტულ საქმეზე. 

"კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ მოსამართლე ცდილობს ეკლესიის იერარქის კეთილგანწყობის მოპოვებას და მის დარწმუნებას, რომ მათ პოზიციას იზიარებს. შემაშფოთებელია იმის ცხადად დანახვა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს კონსტიტუციისადმი ერთგულების დემონსტრირების ნაცვლად საპატრიარქოს იერარქისადმი მორჩილების დემონსტრირება აღელვებს. 

საქართველოში სამართლის უზენაესობა ჩამოშლილი რომ არ იყოს, მანანა კობახიძე დაუყონებლივ აუცილებელი უნდა იქნეს ანი გაჩეჩილაძის საქმის განხილვაში მონაწილეობიდან, უმჯობესია პირადი განცხადებით, თუმცა, შესაძლებელია თავად კოლეგიის გადაწყვეტილებითაც. 

მოსამართლე კობახიძის მიმართ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უნდა დაიწყოს დისციპლინური საქმის წარმოება მოსამართლისადმი შეუფერებელი საქციელის ჩადენის შესახებ. უმჯობესი იქნება თუ წარმოების დასრულებამდე მას შეზღუდული ექნება საქმეთა განხილვაში მონაწილეობა. დისციპლინური საქმის წარმოების ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან. გამოქვეყნებულ დოკუმენტში მოყვანილი საუბრის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში, პლენუმმა მოსამართლე კობახიძეს უფლებამოსილება ვადამდე უნდა შეუწყვიტოს მოსამართლისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენის გამო. თუმცაღა, რახან საქართველოს ამჟამინდელ რეჟიმს სამართლის უზენაესობისა და კონსტიტუციის მინიმალური პატივისცემაც არ აქვს შერჩენელი, ის ჩამოთვლილთაგან არც ერთ ზომას არ მიიღებს. ამის საკმაოდ მაღალი დარწმუნებულობით პროგნოზირებაა შესაძლებელი". – ამბობს დავით ზედელაშვილი. 


საკონსტიტუციო სასამართლომ აიისას სარჩელის არსებითი განხილვა 2 თებერვალს დაიწყო. გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. 

22 ივლისს გამოქვეყნდა საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება – აიისამ საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო.

გადაწყვეტილების მიხედვით, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება.

"სასამართლო იმეორებს, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატაიული საზოგადოების მნიშვნელოვანი საფუძველია და არის ერთ-ერთი ელემენტარული პირობაა მისი განვითარებისთვისა და თვითგრეალიზაციისთვის" – წერია გადაწყვეტილებაში.

კომენტარები