ნორვეგია

ნორვეგიის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა ლეიბორისტულმა პარტიამ გაიმარჯვა

ნორვეგიის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა ლეიბორისტულმა პარტიამ გაიმარჯვა, რითიც ქვეყანაში 8 წლიანი კონსერვატიული მთავრობის მმართველობა დასრულდა. პრემიერმინისტრმა ერნა სოლბერგმა დამარცხება ორშაბათს, 13 სექტემბერს, აღიარა. მთავრობის ფორმირებას ლეიბორისტული პარტიის ლიდერი იონას გარ სტოირე გაუძღვება.

ლეიბორისტულმა პარტიამ პარლამენტის 169 მანდატიდან 48 მოიპოვა, რაც 2017 წლის არჩევნებთან შედარებით 1-ით ნაკლებია, თუმცა კონსერვატიულმა პარტიამ წინა არჩევნებთან შედარებით, 9 მანდატით ნაკლები მოიპოვა და 36 მანდატი აქვს. არჩევნებში ლეიბორისტული პარტიის გამარჯვება ნიშნავს, რომ სკანდინავიის ქვეყნების სათავეში სოციალ-დემოკრატიული, მემარცხენე-ცენტრისტული პარტიები იქნებიან.

მოსალოდნელია, რომ იონას გარ სტოირე კოალიციის ფორმირებისთვის ლეიობორისტული პარტიის პოტენციურ მოკავშირეებთან, ცენტრისტულ და სოციალისტურ პარტიებთან დაიწყებს მოლაპარაკებებს, რათა საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვოს. ცენტრისტულმა პარტიამ 169 მანდატიდან 26 მოიპოვა.

"როგორც ყველაზე დიდი პარტია, უზრუნველვყოფთ, რომ ნორვეგიას ჰყავდეს ახალი მთავრობა და ჰქონდეს ახალი კურსი. მომავალ დღეებში მოვიწვევ ყველა პარტიის ლიდერს, რომლებსაც ცვლილებები სურთ." – თქვა სტოირემ.

იონას ჰარ სტოირე 1989-1997 წლებში სხვადასხვა საჯარო თანამდებობეს იკავებდა. იენს სტოლტენბერგის პრემიერმინისტრობის პერიოდში ის ჯანდაცვის მინისტრი იყო. საარჩევნო კამპანიის დროს ის ყურადღებას ამახვილებდა "ჩვეულებრივ ხალხზე". სტოირეს წინასაარჩევნო დაპირება იყო ეკონომიკურ უთანასწორობასთან გამკლავება და საჯარო სერვისის გაუმჯობესება მდიდარი მოსახლეობისთვის გადასახადების გაზრდით. თუმცა თავად სტოირე მილიონერია და მისი ფინანსური მდგომარეობა კრიტიკის საგანი ხდებოდა.

კომენტარები