ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნის კოლონიაში ადვოკატთან შეხვედრასა და საუბარში ხელს უშლიან

ალექსეი ნავალნი

რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის კოლონიის თანამშრომლები ადვოკატთან შეხვედრასა და საუბარში ხელს უშლიან. ინფორმაცია პოლიტიკოსის სოციალური ქსელებით ვრცელდება.

"კრემლს ჭკვიანი კენჭისყრის ისე ძლიერ ეშინია, რომ ახლა მე მბლოკავენ. ახლა, როცა ჩემთან ადვოკატი მოდის, მას უშვებენ, თუმცა მალევე ოთახში, რომელშიც ჩვენ შუშის სხავდასხვა მხრიდან ვესაუბრებით ერთმანეთს, მოდის კოლონიის თანამშრომელი და გვატყობინებს, რომ ადვოკატთან შეხვედრა "დღის წესრიგს არღვევს" და ის შეხვედრას წყვეტს. უკან ბარაკში მივყავარ.

სრულიად უკანონოდ და ძალიან დემონსტრაციულად. მაგრამ რის გამო? ყველა თქვენგანის გამო. მე ხომ აქ ყოველდღიურად აგიტაციას ვეწევი, რომ 19 სექტემბერს არჩევნებზე წახვიდეთ და ჭკვაინი კენჭისყრის საშუალებით ერთიანი რუსეთი ჩაკლათ." – წერს ნავალნი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ "პოსტის წერის დროს ყოველ წუთს კონვოირს ელოდა".

რუსეთის დუმის არჩევნების წინ მედიის მარეგულირებელმა სააგენტომ როსკომნადზორმა ნავალნის გუნდის მიერ შემუშავებული სერვისის, ჭკვიანი კენჭისყრის დაბლოკვა დაიწყო. როსკომნადზორი ჭკვიანი კენჭისყრის პროექტს ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდს უკავშირებს, რომელიც ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა.

ჭკვიანი კენჭისყრა ალექსეი ნავალნის შტაბის მიერ შემუშავებული ხმის მიცემის სტრატეგიაა. ეს სტრატეგია სთავაზობს ყველას, ვისაც არ უნდა, მმართველ პარტიას, ერთიან რუსეთს მხარი დაუჭიროს, ხმა მისცეს ყველაზე ძლიერ კანდიდატს სხვა პარტიიდან. ასეთ კანდიდატს ნავალნის შტაბი ადგენს. როგორც წესი, ეს იმ პარტიის წარმომადგენელია, რომლის კანდიდატმაც წინა არჩევნებზე მეორე ადგილი დაიკავა ამა თუ იმ ოლქში.

პროექტი ჭკვიანი კენჭისყრა 2018 წელს დაიწყო. მალევე როსკომნადზორმა პროექტის საიტი პერსონალური ინფორმაციის შესახებ უფლებების დამრღვევთა რეესტრში დაამატა.

ალექსეი ნავალნი რუსეთის გენერალურ პროკურატურას და როსკომნადზორს მისი ორგანიზაციის ინტერნეტ-რესურსების დაბლოკვის გამო სასამართლოში უჩივის.

9 სექტემბერს როსკომნადზორმა ამერიკულ კომპანიებს Apple-ს, Google-ს, Cloudflare-ს, Cisco-ს მოსთხოვა, არ მიეცათ ჭკვიანი კენჭისყრისთვის შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის საშუალება. 10 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს ელჩი გამოძახდა და ამერიკული კომპანიები არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ჭკვიანი კენჭისყრის პროექტი პენტაგონთან დააკავშირა. 

კომენტარები