არჩევნები 2021

დეკანოიძე: ქუთაისში გადასატან ყუთზე ოცნების ადგილობრივი კოორდინატორია მიმაგრებული

Khatia Dekanoidze / Facebook

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და ქუთაისში ოპოზიციის ნაწილის მერობის საერთო კანდიდატი, ხატია დეკანოიძემ საგანგებოდ ჩანიშნულ ბრიფინგზე წინასაარჩევნოდ აღრიცხულ დარღვევებზე ისაუბრა. დეკანოიძის ინფორმაციით, ქუთაისში 43-ე საარჩევნო უბანზე გადასატან ყუთზე ქართული ოცნების  ადგილობრივი კოორდინატორია მიმაგრებული.

დეკანოიძის თქმით, 19 უბნის გადამოწმების შემდეგ მასალა, რომელიც აღმოჩენილ დარღვევებზე მიუთითებს, საერთაშორისო პარტნიორებს, ეუთო-ოდირის გრძელვადიან დამკვირვებლებს, უკვე გადაეცა. ხატია დეკანოიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდა, გამოვლენილი ხარვეზები დაუყოვნებლივ გამოასწორონ.

"ქუთაისში 70-ე უბანზე კილომეტრნახევარშია სია გამოკრული, იმისთვის, რომ ადამიანები დაიბნენ და ვერ იპოვონ საკუთარი თავი და ვერ მივიდნენ საარჩევნო უბნამდე. ყველაზე მნიშვნელოვანი – გუშინ სიების გადამოწმების შემდეგ, ქუთაისში 43-ე უბანზე, როდესაც ვამოწმებდით გადასატან ყუთში არსებულ მონაცემებს, ვინ არიან, რამდენი ადამიანია, როგორ ჰქონდათ ამ ადამიანებს საშუალება რომ გადასატან ყუთში მოხვედრილიყვნენ, საარჩევნო კომისიის ერთ-ერთ წევრს ჩვენ წარმომადგენელთან წამოსცდა, რომ გადასატან ყუთზე, 43-ე უბანზე, მიმაგრებულია ქართული ოცნების ადგილობრივი კოორდინატორი ვინმე ქალბატონი ციცო. 19 უბნის გადამოწმების შემდეგ ჩვენი მასალა, რომელიც ამ დარღვევებზე გვაქვს, მიწოდებულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის და მათ შორის გასწორდება ყველა მათგანი. ამიტომ, ქუთაისში გადამოწმებული იქნება ყველა კედლის სია". – ამბობს ხატია დეკანოიძე საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები