არჩევნები 2021

ISFED: ოცნების მერობის კანდიდატის მხარდამჭერ გვერდზე მოსყიდვის ამსახველი ფოტოები გავრცელდა

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, 9 სექტემბერს ქართული ოცნების წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის – გოგა გულორდავას მხარდამჭერ Facebook გვერდზე გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს პარტიის აქტივისტების მიერ საკვები პროდუქტების შეძენისა და მოქალაქეებისთვის დარიგების ფაქტი.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეს ქმედება წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი "ა" ქვეპუნქტის დარღვევას და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 164 "1" მუხლით განსაზღვრულ ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს.

"სამართლიანმა არჩევნებმა მერობის კანდიდატის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას საჩივრით მიმართა, უფლებამოსილი ორგანოების ჩართულობით ფაქტზე შესაბამისი რეაგირებისთვის". – ნათქვამია ISFED-ის განცხადებაში.

სამართლიანი არჩევნები მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიასა და კანდიდატს, არ მიმართონ ამომრჩეველთან ურთიერთობის იმგვარ ფორმებს, რომლებიც შესაძლოა მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდეს.

საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები